• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი. ბათუმის ოლქში ოსმალური და აზერბაიჯანული ძალების გააქტიურებამ მუსლიმანი ქართველების ინტერესების დამცველი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. 1917-ის თებერვალში მუსლიმან და ქრისტიან ქართველთა შეკრებაზე შეიქმნა „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი“, რომელშიც შევიდნენ: მემედ აბაშიძე (თავმჯდომარე), ჰაიდარ აბაშიძე, ზია და ყაიდარ შერვაშიძეები, სულეიმან დიასამიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ჯემალ ქიქავა, ხასან ვარშანიძე. კომიტეტის მიზანს ბათუმის ოლქის ადგილობრივ მოსახლეობაში პროქართული ორიენტაციის პროპაგანდა წარმოადგენდა. 1917-ის შემოდგომაზე, კომიტეტის ხელმძღვანელობით `ბათუმის ოლქის მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოება დაარსდა, 1919-ის დასაწყისში კი - უფრო გაფართოებული  „სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება“ (თავმჯდომარე). 1918-ის აპრილში, ოსმალების მიერ ბათუმის ოლქის ოკუპაციის გამო, საზოგადოების ხელმძღვანელობის უმრავლესობა თბილისში გადავიდა და 1918-ის 15 მაისს დააარსა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“. მის შემადგენლობაში არჩეულნი იქნენ: მ. აბაშიძე (თავმჯდომარე), ჰ.აბაშიძე, ზ.აბაშიძე, ხ.თხილაიშვილი, ს.დიასამიძე, ყ.შერვაშიძე, ს.ბეჟანიძე, ქ.ნოღაიდელი, ი.ქათამაძე, ი.წულუკიძე. კომიტეტის ინიციატივით, გენერალმა ასლან აბასიძემ „მუსლიმან ქართველთა ბატალიონი“ შექმნა, რომელიც ოზურგეთში იქნა დისლოცირებული. ოკუპირებული ქობულეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა ხ. თხილაიშვილის 75 კაციანი პარტიზანული „მფრინავი რაზმი“. აღნიშნული და სხვა რაზმები ოსმალ ოკუპანტთა წინააღმდეგ იბრძოდნენ. „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საპროგრამო დოკუმენტი 1919-ს დაიბეჭდა ბათუმში. იგი სამი თავისა და პარაგრაფებისაგან შედგებოდა. მასში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მთავარი მიზანი - ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში „სამუსლიმანო საქართველოს“ ფართო ავტონომიური უფლებებით არსებობა. 1919-ის იანვრიდან, განმათავისუფლებელი კომიტეტი თბილისიდან ბათუმში გადავიდა. .1919-ის 11 იანვრიდან გამოსვლა დაიწყო განმათავისუფლებელი კომიტეტის ბეჭვდითმა ორგანომ გაზეთმა „სამუსლიმანო საქართველომ“  (რედაქტორი მ.აბაშიძე, პასუხისმგებელი მდივანი დ.კასრაძე). გაზეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნული ცნობიერებისა და ერთიანი საქართველოს იდეის პროპაგანდის საქმეში. . პროოსმალური ძალების მხრიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხრეთ- დასავლეთის ტერიტორიების მიტაცების მცდელობის ჩაშლაში, განსაკუთრებული როლი სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა~ შეასრულა. მისი  ძალისხმევით, 1919-ის 31 აგვისტოს მოწვეულმა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების (100 კაცი) ყრილობაზე მიღებულმა დადგენილებამ, მუსლიმან ქართველთა პროქართული ორიენტაციის საბოლოო გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ყრილობის მონაწილეთა ხელმოწერით იქნა დადასტურებული ბათუმის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის აუცილებლობა. ამ დოკუმენტის ფრანგული თარგმანი, დედანთან სისწორით, უცხო ქვეყნების საელჩოთა წარმომადგენლების დადასტურებით, პარიზის სამშვიდობო კონფერენციას გაეგზავნა და საერთაშორისო სამართლებრივი დატვირთვის სახე შეიძინა. იმავე ყრილობამ  „ აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი. მის თავმჯდომარედ მ. აბაშიძე იქნა დამტკიცებული. მომხდარი ფაქტით, „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა“ თავისი უფლებამოსილება ყრილობის მიერ არჩეულ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს გადასცა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates