• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ახმეტელი ალექსანდრე 

ახმეტელი ალექსანდრე  (სანდრო) ვასილის ძე  (1.IV.1886, სოფ. ანაგა, სიღნაღის მაზრ. – VI.1937, თბილისი) - რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1900 დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად განჯაში გადავიდა და იგი განჯის გიმნაზიაში შეიყვანეს, საიდანაც მოსწავლეთა მღელვარებაში მონაწილეობისათვის გარიცხეს. დაასრულა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1907 ჩაირიცხა და 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში დააპროექტა და ააგო აეროპლანი, რომელიც თბილისში, მთაწმინდაზე გამოცადა კიდეც.       

1917 წ-ის ივნისში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. 1917 წ-ის ოქტომბერში ედპ-ს ჩამოშორდა წევრთა ერთი ჯგუფი, რომელმაც თავი საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად გამოაცხადა. ს. ახმეტელი ამ ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. იგი არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ უშედეგოდ. 1919 თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე“. იყო სახელმწიფო დრამატული დასის წევრი და ქართული თეატრის რეჟისორი, რომლის სცენაზეც წარმოადგინა ს. შანშიაშვილის ,,ბერდო ზმანია“ (1920). ამავე პერიოდში დაიწყო რადიკალ-დემოკრატების ედპ-სთან დაახლოების პროცესი, რომელიც 1921 წ-ის იანვარში მათი გაერთიანებითა და დემოკრატიული პარტიის შექმნით დასრულდა. ს. ახმეტელი გაერთიანებული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.        

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, 1921 უცხოეთში არ გახიზნულა და აქტიურად ჩაერთო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1922 კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლბაში, იყო ედპ-ს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე. 1923 წ-ის აპრილში დააპატიმრეს. ციხიდან იმავე წლის აგვისტოს დასაწყისში გაათავისუფლეს და აიძულეს ედპ-ის სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. 1923 წ-ის 28 ოქტომბერს კონფერენციამ  ედპ დაშლილად გამოაცხადა. 1921 ს. ახმეტელი დაინიშნა სახელმწიფო თეატრების მმართველად. 1923 კ. მარჯანიშვილმა მიიწვია  რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში. 1924 წ-დან იყო ამ თატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1926-1935 წწ-ში სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 აქტიური მონაწილეობა მიიღო მსახიობთა კორპორაცია ,,დურუჯის“ დაარსებაში. 1926 ოპერის სახელმწიფო თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის ,,ლატავრა“.                             

   ს. ახმეტელის მეთაურობით რუსთაველის თეატრმა შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა. მან შექმნა არაერთი საეტაპო სპექტაკლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. რობაქიძის პიესის ,,ლამარა“-ს დადგმა რუსთაველის თეატრის სცენაზე და 1930 ამ სპექტაკლის წარმატებული გასტროლი მოსკოვში. ერთ-ერთ წარმოდგენას დაესწრო ი. სტალინი, რომელმაც რეჟისორთან სურათიც გადაიღო. საბჭოთა და უცხოურმა პრესამ სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცა. რუსთაველის თეატრმა ევროპის ქვეყნებიდან გასტროლებზე არაერთი მიპატიჟება მიიღო.                                    ლ. ბერიას უშუალო განკარგულების საფუძველზე, დასი საზღვარგარეთ არ გაუშვეს. 1933                               ს. ახმეტელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, მაგრამ თავისუფალი აზროვნებისთვის მას მალე დევნა დაუწყეს. 1935 რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც მუშაობა მოსკოვის ,,მწვანე თეატრში“ გააგრძელა. დიდხანს არც იქ დასცალდა. 1936 წ-ის 19 ნოემბერს დააპატიმრეს და ეტაპით თბილისში ჩამოიყვანეს. შვიდი თვე გრძელდებოდა მისი დაკითხვა და წამება. ,,ხალხის მტრად და მავნებლად“ გამოცხადებული რეჟისორი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ლ. ბერიასა და ი. სტალინის ფიზიკურ განადგურებაშიც დასდეს ბრალი. ს. ახმეტელის გვარი შეტანილია 1937 წ-ის  31 მაისით დათარიღებულ დასასჯელთა სიაში, რომელსაც ხელს აწერდნენ ი. სტალინი და ვ. მოლოტოვი. 1937 წ-ის 28 ივნისის სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.  რეჟისორის მეუღლეს თამარ წულუკიძე-ახმეტელს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს (ახმეტელის პირველი მეუღლე იყო ტასო როსტომაშვილი, რომელთანაც ჰყავდა ვაჟი - შალვა). ს. ახმეტელი 1937 წ-ის  29 ივნისს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წ-ის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით. 1979 მისი დაბადების ასი წლის საიუბილეოდ სოფელ ანაგაში გაიხსნა ს. ახმეტელის სახლ-მუზეუმი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates