• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ასათიანი ალექსანდრე

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე  (10.IV.1889, სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრ. - 29.XII.1953, მიუნხენი) - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში სწავლის შემდეგ, 1907 დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. მოწაფეობისას გატაცებული იყო სოციალისტური იდეებით. 1904-1905 წწ-ში იყო ლეჩხუმ-სვანეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რისთვისაც დააპატიმრეს და ცაგერის ციხეში ჩასვეს. უმაღლესი განათლება მოსკოვსა და პეტერბურგში მიიღო, ორი წელი მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით ისწავლა, 1914 პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. იყო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს სტიპენდიატი. სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებას გერმანიაში აპირებდა, მაგრამ  I მსოფლიო ომის დაწყებამ განზრახვა ჩაუშალა. სტუდენტობის წლებში ა. ასათიანი იცვლის მსოფლმხედველობას და ეროვნულ იდეოლოგიაზე ინაცვლებს. 1914 წ-დან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ცხოვრობდა ქუთაისში, მუშაობდა ჯერ ნაფიცი ვექილის თანაშემწედ, შემდეგ ქუთაისის თავადაზნაურთა საკრებულოში. თანამშრომლობდა ადგილობრივ გაზეთ ,,სამშობლოში“. დაუახლოვდა ეროვნულ მიმართულებას და აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაში.                                                  

ა. ასათიანმა ქმედითი მონაწილეობა მიიღო  მცხეთაში საეკლესიო კრების მოწვევაში, რომელმაც 1917 წ-ის 12 (25) მარტს აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.  ედპ-ის  დამფუძნებელ ყრილობაზე, 1917 წ-ის ივნისში, მან მოხსენება წაიკითხა დღის წესრიგით გათვალისწინებულ აგრარულ საკითხზე. წარმოაჩინა მიწაზე კერძო საკუთრების უპირატესობა და მოითხოვა, რომ ,,მიწები იმათ ხელში გადავიდეს, ვინც მის დამუშავებასა და ჯეროვნად გამოყენებას შესძლებს“. ყრილობამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, ძირითადად მინდობილი ჰქონდა საორგანიზაციო სფერო. იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი. 1918 წ-ის მაისში, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, იგი  ედპ-ის სიით შევიდა ეროვნულ საბჭოში, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად. 1919 წ-ის  თებერვალში  საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, ასევე, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში. 1919  თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი ,,მიწის საკითხი საქართველოში“, რომელიც ეკონომიკური დარგის სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.                            

1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ა. ასათიანი ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და დეოკუპაციისათვის გაშლილ ბრძოლაში ჩაება. შედიოდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლობაში. კავშირი ჰქონდა 1921 წ-ის სვანეთის და 1922 წ-ის ფშავ-ხევსურეთის გამოსვლებთან. 1922 დააპატიმრეს, მაგრამ მეტეხის ციხიდან გაქცევა მოახერხა და, პარტიის დავალებით, საზღვარგარეთ გაიხიზნა. ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში გადასახლდა. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1924-1926 წწ-ში იყო სტამბოლში დაარსებული ,,კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი. შედიოდა ედპ-ის პარიზის კომიტეტში, საფრანგეთში ჩამოყალიბებული ქართული ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, იყო 1939 პარიზში შექმნილი კულტურის კლუბის „პრომეთე“ თავმჯდომარე; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან (გაზეთი ,,სამშობლოსათვის“, ჟურნალი ,,ივერია“). 1929 წ-დან სათავეში ედგა ედპ-დან მისი ხელმძღვანელობით ცალკე გამოყოფილ ერთ ჯგუფს და რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდულ ორგანოს ჟურნალში ,,სამშობლო“. 1928 ქ. ვალენტინეიში გამოიცა ა. ასათიანის ნაშრომი ,,ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, რომელშიც XIX და XX სს. საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა საფუძვლიანად არის განხილული. წიგნში გაკრიტიკებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და, ზოგადად, ქართველ სოციალ-დემოკრატთა მოღვაწეობა. 1934 პარიზში გამოვიდა მისი მეორე წიგნი – ,,ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“. II მსოფლიო ომის დროს  თანამშრომლობდა გერმანელებთან, ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ვერმახტის ლეგიონებთან ერთად მოაღწია კავკასიის მისადგომებს. ომის დამთავრებისთანავე პარიზის პოლიციამ დააპატიმრა ფაშისტებთან კავშირისათვის, თუმცა საფრანგეთის წინაშე თავისი უდანაშაულობის დამტკიცება მოახერხა და გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ა. ასათიანი ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, ეწეოდა კვლევით მუშაობასაც. დაწერა ნაშრომი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (არ არის მიკვლეული). ცოლ-შვილი არ ჰყოლია. ა. ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა მიუნხენში, დაკრძალეს იქვე, ველდფრიდჰოფის სასაფლაოზე. 1974 მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.           

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates