• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

არსენიძე რაჟდენ

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე  (28.IX.1880, სოფ. სოჩხეთი, ქუთაისის მაზრ. -  24.V.1965,  ლევილი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი.  დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში,  პირველადი განათლება მიიღო სოფლის სამრევლო სკოლაში, შემდგომში სწავლობდა   ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა განაგრძო იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში, 1901 წ-ის სტუდენტურ ამბოხებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და გარიცხეს უნივერსიტეტიდან, 1908-1912 წწ-ში ახერხებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას და იურისტის დიპლომის მოპოვებას. 1902 წ-დან თანამშრომლობას იწყებს სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, მუშაობს გაზ. „კვალის“ რედაქციაში, შემდგომში - „სხივში“, „ლამპარში“, „განთიადში“. 1904 კვლავ დააპატიმრეს. 1905 წ-დან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს. 1906 და 1910 წწ-ში კვლავ აპატიმრებს მეფის რეჟიმი. 1913 მიესაჯა 5 წლით გადასახლება ციმბირში, სადაც იმყოფებოდა თებერვლის რევოლუციამდე.

რევოლუციის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, 1917 არის თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. 1917 წ-ის ნოემბერში ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით ირჩევენ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად.  1919 წ-ის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წ-ის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წ-ის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი.

1921 წ-ის 17 მარტის დამფუძნებელი კრების დადგენილებით, დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის წევრებს ემიგრაციაში წასვლისა და იქიდან ბრძოლის გაგრძელების მანდატი მისცა. 1921-23 წწ-ში რაჟდენ არსენიძე სტამბოლში ცხოვრობდა, იყო ქართულ პოლიტიკურ ძალთა მიერ შექმნილი „პოლიტიკური კომისიის“ წევრი, მისი რედაქტორობით აქვე გამოდიოდა გაზეთი „თავისუფალი საქართველო“. სტამბოლიდან მალევე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ დაიკავა ირაკლი წერეთლის ჯგუფის პოზიცია. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი: „ბრძოლა“, „სოციალისტური აზრი“ და სხვ. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებთან: „ჩვენი დროშა“, „მებრძოლი საქართველო“ და სხვ. 1953 ამერიკული განთავისუფლების  კომიტეტის დახმარებით დაარსებული რადიო „თავისუფლების“ ქართული სექციის რედაქტორი გახდა.   ეწეოდა აქტიურ სამწერლობო საქმიანობას, წერდა შოთა რუსთაველის შესახებ. აქვეყნებდა წერილებს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის შესახებ. 1963  პარიზში გამოიცა მისი მთავარი ნაშრომი - „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“. 1962  რაჟდენ არსენიძე მიუნხენიდან ლევილში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates