ართმელაძე დავით ადამის ძე (1.II.1865 - 1938) - გენერალი. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთში. 1885 სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით). გაიგზავნა პოდპორუჩიკად ელიზავეტოპოლის 156-ე ქვეით პოლკში. პორუჩიკი (1892). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1901). I მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. პოლკოვნიკი (1915). 1917 წ-ის იანვარში დაინიშნა თურქესტანის მე-16 პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში - 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. თავდაპირველად იყო ქართული კორპუსის 1-ლი დივიზიის მეთაური. 1920-1921 წწ-ში სარდლობდა ქართული არმიის პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წ-ის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლ შენაერთებს. გენერალ მაზნიაშვილთან ერთად განდევნა ქემალისტები ბათუმიდან 1921 წ-ის მარტში.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სამხედრო სკოლაში.