• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

არაყიშვილი დიმიტრი

არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე (11.II.1873,  ვლადიკავკაზი - 13.VIII.1953, თბილისი) - ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის  კლასიკოსი, ფოლკლორისტიკის დამფუძნებელი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, დირიჟორი, პედაგოგი.  დაამთავრა სამკლასიანი სკოლა, მაგრამ მატერიალური პრობლემების გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში სამუშაო ეძებნა. ბავშვობიდანვე უყვარდა კითხვა და დიდ ყურადღებას იჩენდა მუსიკის მიმართ. მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მამის მიერ შესრულებული ქალაქური სიმღერები ახდენდა. 1884-1885 წწ-ში ადგილობრივ საეკლესიო გუნდში გალობდა და სასულიერო მუსიკის ნიმუშებს ეცნობოდა. 1888-1890 წწ-ში უფროს ძმასთან, გიორგისთან, ერთად არმავირში ცხოვრობდა და მაღაზიაში ნოქრად მუშაობდა. შემდეგ ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი) გადასახლდა, პირველად მოისმინა საოპერო მუსიკა და ქართული ოპერის დაწერის სურვილი გაუჩნდა. მაშინ დაწერა თავისი პირველი ნაწარმოებები: „ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი“ (ილია ჭავჭავაძის ლექსზე) და „ქართული ცეკვა“ ფორტეპიანოსათვის (1893). 1894 მოსკოვში მიდის და ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში პროფესიულ განათლებას იღებს, ა. ილინსკისთან (კომპოზიციას), ს. კრუგლიკოვთან (თეორიულ საგნებს) და ვ. კესისთან (დირიჟორობას) სწავლობს. მოსკოვში ყოფნისას სრულყოფილად ეზიარება კლასიკური მუსიკის სიღრმეს და იმდროინდელ ყველა მუსიკალურ მიმართულებას საფუძვლიანად ითავისებს. 1901 ამთავრებს სასწავლებელს.  1901-1902-1904-1908 წწ-ში აწყობს ოთხ ექსპედიციას, თითქმის მთელ საქართველოს მოივლის და 500-ზე მეტ ხალხურ სიმღერას იწერს. იბეჭდება მისი ნაშრომებიც: 1906 მოსკოვში - „ქართული ქართლ-კახური სიმღერების განვითარების მოკლე ნარკვევი“ (სანოტო მაგალითებითა და 27 სიმღერის დართვით); 1908 - „დასავლეთ საქართველოს - იმერეთის ხალხური სიმღერის შედარებითი მიმოხილვა“ (83 სიმღერის დართვით); 1916 - „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება“ (225 სიმღერისა და 39 ინსტრუმენტული ნაწარმოების დართვით). 1901-1902 წწ-ში თავისი პირველი რომანსები შექმნა: „მზე აღარ ბრწყინავს“; „მწყემსის სიმღერა“; „მთიელი ქალის სიკვდილი“; „გაზაფხული“ და სხვ. 1909-1910 კომპოზიტორ ა. გრეჩანინოვთან კომპოზიციის პრინციპებს ეუფლება. იმავე 1910 იწყებს  მუშაობას ოპერაზე „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1911  წერს ქართული სიმფონიური მუსიკის პირველ ნიმუშს, თავის პირველ საორკესტრო ნაწარმოებს „საზანდართა შორის“ („ჰიმნი ორმუზდს“). იმავე წელს მოსკოვში მისი მოღვაწეობის 10 წლისთავი აღინიშნა. 1913,  კონცერტების ჩატარებისა და ლექციების წაკითხვის მიზნით, ორჯერ ეწვია თბილისს. 1916 მოსკოვის არქეოლოგიურ ინსტიტუტში შედის და ორი წლის შემდეგ დისერტაციას იცავს. ნაშრომისათვის „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება“ ოქროს მედლით აჯილდოებენ. 1918 ბრუნდება საქართველოში.                     

1918-1921 წწ-ში ქართული მუსიკალური საზოგადოების სამუსიკო სკოლის პედაგოგია. მისი ყველაზე დიდი წარმატებაც დამოუკიდებელ საქართველოს უკავშირდება. 05.I.1919 თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ამ თარიღით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია. 16 მაისს, კომპოზიტორის ლოტბარობით, თბილისის საოპერო თეატრში ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტზე, პირველად სრულდება მის მიერ შექმნილი „ქართული ლიტურგია“. 1919 ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას ხელმძღვანელობს, შემდეგ ამ თანამდებობას ნიკო სულხანიშვილს უთმობს. 1919 წ-დან (სიცოცხლის ბოლომდე) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია.                                                           

გასაბჭოების შემდეგ, 1921 წ-დან,  აყალიბებს თბილისის მეორე კონსერვატორიას და მისი რექტორის თანამდებობას იკავებს. ამ სასწავლებელში, რომელშიც ათას ექვსასამდე სტუდენტი სწავლობდა, არსებობდა საგუნდო კლასი, საოპერო სტუდია, სიმებიანი კვარტეტი სხვ. 1923 მეორე კონსერვატორია პირველს შეუერთდა. 1925 ქუთაისში გამოიცა მისი წიგნი „ქართული მუსიკა“. 1925-1926  წწ-ში ათას ერთი ღამის ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით შექმნილ ლიბრეტოზე (ავტორი ვ. გუნია) დაწერა კომიკური ოპერა „სიცოცხლე სიხარულია“ (მოგვიანებით „დინარა“ ეწოდა). ოპერის პრემიერა  28.XII.1927 შედგა. 1926-30 წწ-ში კონსერვატორიის რექტორი იყო.  1929 სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1931  დაიწყო მუშაობა თავის პირველ სიმფონიაზე, რომელიც 1934  დაასრულა. 1932  ახლად შექმნილი კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა. 1936  წერს ერთმოქმედებიან ოპერას „ნესტანი“. 40-იან წლებში მეცნიერებათა აკადემიაში მუსიკალური ფოლკლორის სექციას ხელმძღვანელობს. იქმნება მისი მნიშვნელოვანი მუსიკათმცოდნეობითი ნაშრომები: 1940 - „ქართული ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა-გაზომვა“; 1948 - „აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მიმოხილვა“; 1950 „სვანური ხალხური სიმღერები“ და „რაჭული ხალხური სიმღერები“. 1949 მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა, 1950  არიჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1953 მისი 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates