• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

არაგვისპირელი შიო

არაგვისპირელი შიო ზაქარიას ძე (დედაბრიშვილი) (4.XII.1867, სოფ. ქარისხევი - 2.I.1926,  თბილისი) - მწერალი, ქ.შ.წ.კ.გ.ს. წევრი. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. 1890 სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო. მისი ერთ-ერთი უადრესი მოთხრობა იყო „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ (1889); 1891 „ივერიაში“ დაიბეჭდა ეტიუდი „ახალწლის ღამეს“, რომელსაც მოჰყვა: „სოფლად“, „აბრეშუმის ცხვირსახოცი“, „ჩემო შვინდავ!“, „ჰარამ-ხანის სურათი“. 1903 ოპერის თეატრში დაიდგა მისი ნაწარმოები „შიო თავადი“. 1892 წ-ის  ივლისში მონაწილეობა მიიღო ქართველ სტუდენტთა ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციის - „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც დააპატიმრეს. სასჯელს ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის საპატიმროში იხდიდა. 1895 დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. 1897-1917 მუშაობდა თბილისის გუბერნიის შტატგარეშე ვეტექიმის და ახალციხის მაზრის შტატის ვეტექიმის თანამდებობებზე, ბათუმის ოლქის სოფლებში ჩაბმული იყო საქონლის ჭირთან ბრძოლაში.                                                                                                     

12.VII.1917 კავკასიის ფრონტისა და ზურგის ვეტექიმთა და ვეტფერშალთა ყრილობის მიერ არჩეულ იქნა მთავარ სავეტერინარო საბჭოს წევრად პეტერბურგში. 1916-1918 წწ-ში იყო ქ.შ.წ.კ.გ.ს თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი, შემდეგ მუდმივი წევრი. 1919  მონაწილეობდა პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებში (1919) საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიით.   1919 ვახტანგ კოტეტიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა მისი შემოქმედების მიმოხილვა -  შავი წიგნი: (შიო არაგვისპირელის შემოქმედება) ძღვნად იუბილარს. 1919 წერა-კითხვის საზოგადოებამ გამოსცა შ. არაგვისპირელის I, II, III წიგნები. 1920 წ-ის ოქტომბერში ჟურნალ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სხვა ავტორთა შორის განიხილა შ. არაგვისპირელის შემოქმედება. 1920 დაწერა რომანი „გაბზარული გული“. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში.        

შ. არაგვისპირელმა შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, რომელმაც დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა  პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates