• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანტონი მიტროპოლიტი

ანტონი მიტროპოლიტი  (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) (17.III.1866, ქუთაისი - 18.IX.1918, ქუთაისი) - დაიბადა ხელმოკლე ოჯახში. მისი მამა - ლუკა იყო ქუთაისის ერთ-ერთი ეკლესიის მედავითნე. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1882, ალექსი, მეუფე გაბრიელის რეკომენდაციით, სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888 მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა სემინარია, დაბრუნდა ქუთაისში და დაოჯახდა. 1889 ეპისკოპოსმა გაბრიელმა ჯერ დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად აკურთხა და განაწესა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1889 ქუთაისის ქალთა სასწავლებელში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 მას დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო სლავური გალობის მასწავლებლობა. 1892 ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1892-1900  წწ-ში მიმდევრობით იყო: ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვარი; ქუთაისის ქალთა წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვარი და საღვთო სჯულის პედაგოგი; გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებელი; სასულიერო გამომძიებელი; იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრი და მისი განყოფილების თავმჯდომარე; 1896 დაჯილდოვდა სკუფიით, 1900 უბოძეს კამილავკა. 1903  გარდაეცვალა მეუღლე და ოჯახის მოვლის მთელი სიმძიმე მხრებზე დააწვა. ამის მიუხედავად, მაინც ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც 1904 სწავლა განაგრძო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. 1906 აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. 1907  წარჩინებით დაამთავრა აკადემია და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი; მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე. აქედან გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1909 დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1910 მამა ანტონი დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. იმავე წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1910 დაინიშნა ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესად. ამავე წელს მცირე ხნით დროებით შეუთავსეს რუსული მონასტრების მთავარხუცესობაც და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობაც. 1911 გადმოიყვანეს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1911 წ-ის 19 დეკემბერს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1912 პეტერბურგის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. იმავე წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1914-1916 წწ-ში მამა ანტონი წმიდა ვლადიმირის II ხარისხის და წმინდა ანას I ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. იგი აირჩიეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად.          

ეპისკოპოსი ანტონი იყო ავტოკეფალისტური მოძრაობის თავდადებული წარმომადგენელი და მებრძოლი. მისი ინიციატივითს 1917 წ-ის 8 მარტს ფერისცვალების მონასტერში, სადაც იგი ცხოვრობდა, შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ნ. ჟორდანია,                 ს. მერკვილაძე, ი. ვართაგავა და სხვ. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, 1917 წ-ის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღსრულებულიყო რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის პარაკლისი. დაიგზავნა მოსაწვევები პროვინციებში, ზღვა ხალხი შეიკრიბა სვეტიცხოველში. 12 საათზე გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა ეპისკოპოს ანტონის მიერ შედგენილი „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი”. ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში. მისი დაჟინებული თხოვნით, ეპისკოპოსმა კირიონმა იყარა კენჭი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში და გაიმარჯვა. ეპისკოპოსი ანტონი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც დაძაბული მოლაპარაკებები აწარმოა 1917 წ-ის ივნის-აგვისტოში პეტერბურგში, რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიაღებინა კიდეც დროებით მთავრობას საგანგებო დოკუმენტი ამ საკითხზე. 1917 წ-ის 16 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე იგი დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. ქუთაისში მცირე ხნით მოღვაწეობის დროსაც მან მოახერხა, თავისი ხელი დაემჩნია ეპარქიისათვის. მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა.   როგორც პათანატომიურმა გამოკვლევამ დაადგინა, მიტროპოლიტი მოწამლეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates