• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანთაძე დოდო

ანთაძე დოდო კონსტანტინეს ძე  (10.X.1900,  სოფ. ვარძია, შორაპნის მაზრ. - 18.IV.1978, თბილისი) - ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, სსრკ სახალხო არტისტი (1971).

1915 დააარსა ,,ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა დრამატული წრე“. იყო ჯერ წევრი, 1918 წ-დან აირჩიეს წრის რეჟისორად. 1918-1919 წწ-ში ქუთაისში, ვანო მოსიძის ხელმძღვანელობით,  ჩამოყალიბდა კიდევ ერთი დრამატული წრე ,,პროგრესი“. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში. მაგ., არჩ. ჯაჯანაშვილის ,,გაწყვეტილი სიმი“ და ჭანტურიშვილის ,,ბურუსი“. 1919 თბილისში ახლად გახსნილი უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. 1919-1920  წწ-ში იყო გ. ჯაბადარის დრამატული სტუდიის წევრი. ქართული დრამის თეატრის შექმნის შემდეგ კი დამხმარე დასში ირიცხებოდა.

 1920-1925 წწ-ში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წ-დან - რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წწ-ში  ასევე რიგით რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელია, 1928-1933 წწ-ში რეჟისორია ქუთაისში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (სადაც ბევრი მარჯანიშვილისეული დადგმის თანაავტორი იყო). 1933-1938 წწ-ში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952  წწ-ში კი - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957  წწ-ში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის, ხოლო 1957-1962 წწ-ში რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 წწ-ში არჩეულ იქნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ. ანთაძის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება.  მის სარეჟისორო შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს თანამედროვეობის ამსახველ სპექტაკლებს. დადგმებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა" (1925), გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ" (1932) და  „იცკა რიჟინაშვილი" (1937), შ. დადიანის „ნინოშვილის გურია" (1934) და „გუშინდელნი" (1939), ა. აფინოგენოვის „შორეული" (1936), ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი" (1939), უ. შექსპირის „ოტელო" (1939) და „მეფე ლირი" (1941), ა. სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება" (1944), ფ. შილერის „ყაჩაღები" (1948), ნ. გოგოლის „რევიზორი" (1952), ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა" (1957) და სხვა. ანთაძე ავტორია მემუარებისა „დღენი ახლო წარსულისა" (ორ ტომად, 1962-1966), რომელშიც აღწერილია ქართული საბჭოთა თეატრის შექმნის ისტორია, დახატულია კ. მარჯანიშვილისა და მისი მოწაფეების შემოქმედებითი პორტრეტები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates