• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე  ემანუელის ძე  (1876, სოფ. კაჭრეთი, სიღნაღის მაზრა - 1937, (1938?)) - ქართველი სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი. 1897 თბილისის მესამე გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. მოგვიანებით იმავე ფაკულტეტზე კიევის უნივერსიტეტში გადავიდა. 1899-1900 წწ-ში  პოლიტიკური აქტიურობის გამო, კ. ანდრონიკაშვილი უნივერსიტეტის მესამე კურსიდან გარიცხეს და მალე დააპატიმრეს. კიევის ციხეში 5 თვის პატიმრობის შემდეგ იგი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო. 1904 ანდრონიკაშვილი კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში იმყოფებოდა რამდენიმე თვე, რის შემდეგაც კვლავ   მშობლიურ სოფელში გაამწესეს, სადაც სოფლის გლეხკაცებში აქტიურად აწარმოებდა რევოლუციურ პროპაგანდას, ქმნიდა ორგანიზაციებს და მათ თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებთან აკავშირებდა. 1905 თბილისის კომიტეტმა ის ალექსანდროპოლში გაგზავნა, რათა ალექსანდროპოლის, ერევნის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციები  ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრთან დაეკავშირებინა. 1906 იგი თბილისშია  და სოციალ-დემოკრატიულ პრესაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე წერილებს ბეჭდავდა. 1906-1909 წწ-ში ის კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც   სამუდამოდ ციმბირში გადაასახლეს. 1914 კ. ანდრონიკაშვილი გადასახლებიდან გამოიქცა, ერთხანს მოსკოვში იმალებოდა, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, ცხოვრობდა ჟენევაში, ლოზანაში, პარიზში, კვლავ ლოზანაში.                                     

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კ. ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 1918 შედიოდა ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში.   1919 წ-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად, 1919 წ-ის 12 მარტს პირველივე სხდომაზე ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.                                                 

 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მან აქტიური ბრძოლა გააჩაღა ბოლშევიკების საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1923 ანდრონიკაშვილი დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე  გახდა, რომელსაც 1924 წ-ის აგვისტოს აჯანყების დამარცხებამდე ხელმძღვანელობდა. კ. ანდრონიკაშვილის ფსევდონიმი იყო „სოლომონი“. 1924 წ-ის 22 აგვისტოს „დამკომის“ უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: კ. ანდრონიკაშვილი, ი. ჯავახიშვილი, შ. ამირეჯიბი. 1924 წ-ის 3 სექტემბერს ანდრონიკაშვილი მცხეთის მილიციის ცხენოსანმა პატრულმა შიომღვიმის მონასტერთან ახლოს „დამკომის“ სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა. დაპატიმრებულმა ხელმძღვანელებმა, მუქარის ქვეშ, ხელი მოაწერეს განცხადებას - „დამკომის“ დაშლის შესახებ. საბჭოთა სასამართლომ     კ. ანდრონიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვაში ქართველ ხალხს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოქმედებისკენ: „...აჯანყების დამარცხება სრულიად არ ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დამარცხებას, გაკოტრებას, მხოლოდ სვლა აჯანყების გზით ამ იდეის ცხოვრებაში გასატარებლად, უნდა ჩაითვალოს ერთხელ და უკანასკნელად მავნე მეთოდად ერის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სადავო საკითხების გადაწყვეტაში. აჯანყების შედეგები და მის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა, ავალებს საქართველოს ყველა ქართველ პოლიტიკურ პარტიებს დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში, საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და გზა და გზა ღონიერი და საღი კრიტიკით მიიღონ მონაწილეობა ქართველი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობაში. ეს არის ჩემი აზრი და საჭიროა რომ ყველა ქართული პარტიები დაადგნენ მშვიდობიან გზას...“. დიდი საბჭოთა ტერორის დროს გადაასახლეს ციმბირში, სადაც, სავარაუდოდ, დახვრიტეს დამფუძნებელი კრების სხვა წევრებთან ერთად.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates