• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამირეჯიბი შალვა

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე (15.I.1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრ. - VII.1943, პარიზი) - პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, საქ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. მოწაფეობის წლებში ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობდა 1905 წ-ის გამოსვლებში ქუთაისში. ამავე პერიოდში შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. 1906  უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს, როგორც ფილოსოფიის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. უსახსრობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა და 1909 სამშობლოში დაბრუნდა. წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. მონაწილეობდა ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ ,,ერის“ გამოცემაში (გამოდიოდა ,,საქართველოს მოამბისა“ და ,,ჩვენი ერის“ სახელწოდებითაც). მალე დააპატიმრეს და ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და 1912  მათთან ერთად დააარსა ჟურნალი ,,კლდე“. 1914 წ-დან,  სხვებთან ერთად, მესვეურობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ ,,სამშობლოსა“ და შემდგომ  ,,იმერეთის“ გამოცემას ქუთაისში, იყო მათი მუდმივი ავტორი. იყენებდა ფსევდონიმებს ,,ფარსმან-ფარუხი“, ,,შ-ამ-ბი“, ,,შ. ამ-ბი“, ,,შ. ა-ბი“ (სავარაუდოდ, მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე ,,ჩორჩანელი“, ,,შ. ა.“ და ,,ა.-ი.“). 1915 გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც წელიწად-ნახევარი იმსახურა და სამშობლოში 1917 წ-ის  თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.                                                

1917 წ-ის მაისში შ. ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატების ჯგუფთან ერთად  დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში და მიესალმა მთიელთა განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულების შესახებ. აირჩიეს ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად, მუშაობდა პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგანოში ,,საქართველო“. შედიოდა საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან. 1917 წ-ის სექტემბერში იგი, როგორც საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს დელეგატი, ა. ჩხენკელთან ერთად, მონაწილეობდა პეტროგრადის თათბირის მუშაობაში, არჩეულ იქნა წინასწარი პარლამენტის წევრად. 1917 წ-ის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წ-ის მაისში შ. ამირეჯიბმა ედპ-ის რიგები დატოვა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა პარტიაში. 1920 წ-ის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ნ. ნიკოლაძე, საზღვარგარეთ გამგზავრების გამო, საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობიდან გავიდა, მისი ადგილი კრებაში შ. ამირეჯიბმა დაიკავა. მისი ორი ლექსი შეტანილია 1919 ქუთაისში გამოცემულ ,,ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“, 1920 გამოვიდა მისი ლირიკული ლექსების კრებული ,,მინანქრები“.          

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შ. ამირეჯიბი გადავიდა იატაკქვეშა ბრძოლაზე ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. 1922   კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლობაში. კ. აფხაზის დახვრეტის შემდეგ, 1923 წ-დან იყო ედპ-ის თავმჯდომარე, თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წ-ის ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წ-ის  29 აგვისტოს, აჯანყების დაწყებისას, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან და აჯანყების მთავარსარდალთან ერთად იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში, ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. 1925 წ-დან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, შედიოდა ინტერპარტიული ცენტრის ,,საერთო ფრონტი“ შემადგენლობაში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: ,,სამშობლო“, ,,დამოუკიდებელი საქართველო“, ,,ბედი ქართლისა“, ,,კავკასიონი“. შედიოდა ჰ. ბამატის ,,კავკასიის“ ჯგუფში, იყო მისი ქართულენოვანი გამოცემის, ჟურნალ ,,კავკასიის“ (1937-1939) ერთ-ერთი ძირითადი ავტორი. იყო ემიგრაციაში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი, რომელთა სხდომებზეც ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით. 1940 ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი ,,ახალი დროება“. 1942  ჩართული იყო ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის ფორმირებაში. ემიგრაციაში წასვლამდე ჰყავდა მეუღლე - ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. შალვა ამირეჯიბი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია სენტ-უანის სასაფლაოზე. არის მრავალი საყურადღებო მოგონების ავტორი, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ.      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates