• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი

ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (7.X.1861, მარტვილი - 29.III.1927, თბილისი) -  1871-1873 წწ-ში სწავლობდა ოჩამჩირის პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 1873-1879 წწ-ში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. 1879 ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1900 წ-ის 11 თებერვალს ბესარიონი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ამბროსი. ამბროსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ერთ-ერთი დაუცხრომლად მებრძოლი სასულიერო პირი იყო.                    

1917 წ-ის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამბროსის საშუალება მიეცა სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაერთო ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1917 წ-ის  12 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის საქმიანობაში. პირველმა საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაამტკიცა ამბროსი ხელაია, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონმა იმავე დღეს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1918-1921 წწ-ში ამბროსი ხელაია განაგებდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, აქტიურად იბრძოდა ადგილობრივი ქართველი და აფხაზი მოსახლეობის დასახმარებლად, ამ პერიოდის მისი ქადაგებების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პათოსით არის განმსჭვალული, გარდა ამისა, იგი აქტიურად ამხელდა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკას და მათ მეტი დახვეწილობისაკენ მოუწოდებდა.

საქართველოს გასაბჭოებიდან მალევე, 1921 წ-ის 11 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე. საეკლესიო კრებამ იმსჯელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატების - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაზარის შესახებ. ფარული კენჭისყრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. იგი აქტიურად ილაშქრებდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1995 წ-ის 18 სექტემბერს იგი წმინდანად შერაცხა და მის მოსახსენებელ დღედ დაწესდა 29 მარტი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates