ჰრინევსკი ჰენრიკ (22.XII.1869. ქუთაისი, 1937) მხატვარი, პედაგოგი, არქიტექტორი. დაიბადა საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. 1877-1898 სწავლობდა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, 1889 დაბრუნდა ქუთაისში. 1895 სწავლას აგრძელებს იტალიაში. მისი მეუღლე იყო იტალიელი ბალერინა, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი მარია პერინი. 1898-დან მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1902-დან ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სკოლაში. 1910-დან მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. 1912 არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ამჟამიდნელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტის კონკურსში გაიმარჯვა. მას დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა, მოხატა ინტერიერი. 1912-1914 შეასრულა ილია ჭვჭავაძის თხზულებათა მხატვრული გაფორმება.
1918-1921 იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იკვლევდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორთაგანი იყო. 1922-1937 დეკანისა და პრორექტორის თანამდებობები ეკავა. 1926 თბილისში რკინიგზის სამართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციის პროექტში მიიღო მონაწილეობა. ქაშუეთის ეკლესიის რამდენიმე ნაწილი მოხატა. 15.XII.1937 ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. 4.III.1938 დახვრიტეს.