• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჰასკელი უილიამ ნაფიუ უმცროსი

ჰასკელი უილიამ ნაფიუ უმცროსი (13.VIII.1878, ნიუ-იორკი  - 14.VIII.1952, კონექტიკუკი), ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი, ამერიკის შეერთებული შტატების   მისიის ხელმძღვანელი რუმინეთში და საბჭოთა რუსეთში, მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი სომხეთში (ამიერკავკასიაში).  1897-1901-ში სწავლობდა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში. მონაწილეობდა ამერიკა-ფილიპინების ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს შედიოდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ხსნის კომიტეტის მისიაში, რომელსაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი ხელმძღვანელობდა. იყო კომიტეტის წარმომადგენელი რუმინეთში. 

1919-ს ივნისში ჰუვერის ინიციატივით პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პოლკოვნიკი ჰასკელის კანდიდატურა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს  შესთავაზა, ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე, თუმცა უმაღლესმა საბჭომ ჰასკელის სამოქმედო არეალად მხოლოდ სომხეთი განსაზღვრა, ხოლო საქართველოსთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში ამერიკელ პოლკოვნიკს მხოლოდ ჰუმანიტარული  საქმიანობის უფლება მიენიჭა.  ამ პერიოდის აშშ-ს კავკასიური პოლიტიკა ცალმხრივად არმენოფილური შინაარსს ატარებდა, კონგრესშიც და მთავრობაშიც მძლავრობდა სომხეთისადმი მკაფიო სიმპატიები და დახმარების სურვილი, თუმცა მანდატის აღება სომხეთზე კონგრესისათვის მაინც მიუღებელი იყო. პრეზიდენტი უილსონი, ხსნის კომიტეტის ხელმძღვანელი ჰუვერი და სხვა მაღალჩინოსნები ცდილობდნენ სომხეთის დახმარებას და სომხური სახელმწიფოს გაძლიერებას, თუმცა მონროს დოქტრინის შენარჩუნებისა და კონგრესთან უთანხმოების გამო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მით უფრო სამხედრო დახმარების გაწევა ვერ შეძლეს. თავის მხრივ ჰასკელი რომელიც ცდილობდა გამხდარიყო მოკავშირეთა კომისარი მთლიანად ამიერკავკასიაში მუდმივად ცდილობდა დაერწმუნებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მათდამი სიმპათიებში. ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა 1919-1920-ში ჰასკელის საქმიანობას, რომელიც ძირითადად თბილისსა და ერევანს შორის მოგზაურობდა და ცდილობდა სომხეთისათვის სურსათისა და ტანსაცმლის მიწოდების უზრუნველყოფას. პოლკოვნიკი ცდილობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შეჩერებას. ჰასკელი სომხეთისა და ზოგადად ამიერკავკასიის  საკითხზე მოსალაპარაკებლად რამოდენიმეჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორს. 1919-1920-ში ჰასკელისა და სომხეთში ამერიკის სამხედრო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ჯეიმზ ჰარბორდის მოხსენებები  მიუხედავად ქართველი ხალხისადმი სიმპათიის, ბევრი ნეგატიური ინფორმაციას შეიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი მთავრობის შესახებ. 

საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპირების შემდეგ 1921-1923-ში ჰასკელი  იყო რუსეთში ამერიკული მისიის ხელმძღვანელი რუსეთში. შემდგომში ხელმძღვანელობდა წითელ ჯვარს თურქეთ-საბერძნეთს შორის ტოლვილთა გაცვლის პროცესში.  შემდგომში  დაბრუნდა ნიუ-იორკში და გაგარძელა სამხედრო სამსახური. 1832-ს ჰუვერის ინსტიტუტმა პოლკოვნიკი ჰასკელის მოგონებები გამოსცა, რომელის დიდი ნაწილი სწორედ  ამიერკავკასიას  შეეხება. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates