• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჰარბორდი ჯეიმს გუთრი

ჰარბორდი ჯეიმს გუთრი (21.III.1866, ილინოისი - 20.VIII.1947, ნიუ-იორკი), ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი. გენერალ-ლეიტენანტი.  პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ევროპაში ამერიკული ჯარების შტაბის უფროსი.  განათლება კანზასის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში მიიღო. 1889-დან მსახურობდა აშშ-ს არმიაში. მონაწილეობა მიიღო 1889-ის კუბის ოკუპაციაში და ესპანურ-ამერიკულ ომში.  1901-ს მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა  ამერიკა-ფილიპინების ომში. 1917-დან ხელმძღვანელობდა ევროპის დასავლეთ ფრონტზე, საფრანგეთში განთავსებულ ამერიკული არმიის ნაწილებს.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას იკავებდა ევროპაში ამერიკის ჯარების შტაბის უფროსის პოსტს. 1919-ს განიხილებოდა ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის პოსტზე, თუმცა საბოლოოდ ამ პოსტზე შეკვეცილი უფლებამოსილებით (მხოლოდ სომხეთზე) დაინიშნა ამერიკელი პოლკოვნიკი ჰასკელი. 1919-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა გენერალი ჰარბორდი დანიშნა „სომხეთში ამერიკული სამხედრო მისიის“ ხელმძღვანელად. გენერალს დაევალა სომხეთში და ზოგადად ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, შესაძლებლობის შემთხვევაში სომხეთზე ამერიკის მანდატის აღებისა და მანდატის აღსრულებისათვის საჭირო სავარაუდო დანახარჯების გათვლა. გენერლის მისია უშუალოდ სომხეთზე ვრცელდებოდა, თუმცა მას ევალებოდა შეესწავლა საქართველოსა და აზერბაიჯანის რეალობაც. 2 ოქტომბერს ჰარბორდი თბილისში ჩამოვიდა, შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლებს. შემდგომში იმოგზაურა ბაქოში. მართალია შეხვედრებისას ჰარბორდი ორივე ქვეყანაშ ზარ-ზეიმითა და წვეულებებით მიიღეს, მაგრამ ამერიკელი გენერალმა თავის ანგარიშებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის შესახებ ნეგატიური განწყობები არ დამალა.  ჰარბორდმა ანგარიშებში აღწერა ამიერკავკასიის ქვეყანათა შორის არსებული დაპირისპირებები და განსხვავებული მისწრაფებები. მისი აზრით  კავკასიაზე მანდატი კონსტანტინეპოლთან და ანატოლიასთან ერთად ერთმა სახელმწიფოს უნდა აეღო,  სხვაგვარად რეგიონის მართვა შეუძლებელი იყო.

1922-ს ჰარფორდმა არმია დატოვა და გახდა ამერიკის რადიო კორპორაციის პრეზიდენტი. 1942-ს მიენიჭა გენერალ ლეიტენანტის წოდება. დაკრძალულია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates