• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯიბლაძე სილიბისტრო გიორგის ძე 

 ჯიბლაძე სილიბისტრო გიორგის ძე   (1859-1922 წწ.). ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი,  პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და  დამფუძნებელი კრების წევრი. როგორც უხუცესმა წევრმა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა (1919-ის 12 მარტი) ს. ჯიბლაძემ გახსნა. 1878 ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.  რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიომში გაამწესეს. იყო „მესამე დასი“-ს დამფუძნებელი წევრი (ზესტაფონი, 1892). 1894-ის 7 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე, წაიკითხა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული „მესამე დასის“ პროგრამა. 1890-იან წლებში სოციალ-დემოკრატთა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907-ის რევოლუციაში; იყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906).  თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტში.                                                 

1917 ის საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და მის აღმასკომში აირჩიეს. 1919-1921-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.  1919-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა სწორედ მან გახსნა.            

 ს. ჯიბლაძეს ბოლშევიკები შეურიგებელ მტრად მიიჩნევდნენ. 1921 ივნისში  მოხუცი სილიბისტრო მეტეხის ციხეში მოათავსეს. მან მთელი ზაფხული ციხეში გაატარა. სექტემბრის თვეში იგი მძიმედ დაავადდა და დიდი ვაივაგლახის შემდეგ  საკუთარ ბინაში, ცოლ-შვილთან გადაიყვანეს, თუმცა „ჩეკა“-ს ზედამხედველობა არ შეუწყვეტია. იმ პერიოდში მეტეხის ციხეში გარდაიცვალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი - პარმენ ჭიჭინაძე. ამ ფაქტმა ავადმყოფ სილიბისტროზე მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად ექიმების აკრძალვისა, მან გადაწყვიტა პარმენის დასაფლავებაში მიეღო მონაწილეობა. 10 ოქტომბერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ორი-სამი დღის შემდეგ, სილიბისტროს ბინას „ჩეკა“-ს წარმომადგენელი ეწვია, თუმცა პარმენის დასაფლავების მეორე დღესვე, მან გადაწყვიტა სახლში არ დაბრუნებულიყო და არალეგალურ მუშაობაში ხელმძღვანელის როლი ეკისრა. გააფთრებული დევნის გამო, ის იძულებული იყო ბინა ხშირად გამოეცვალა, რამაც საბოლოოდ მოსწყვიტა საკუთარ ოჯახს. 1922-ის 5 თებერვალს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კონფერენციაზე,  ის თავისი ფეხით მივიდა და სიტყვა მაინც წარმოთქვა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა აღარ გამოკეთებულა და 17 თებერვალს გარდაიცვალა                                                 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates