• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაფარიძე  სერგო დავითის ძე

ჯაფარიძე  სერგო დავითის ძე (5. I.1871, სოფ. ღარი, რაჭა - 10.X. 1937) სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გამოდიოდა როგორც ხელისუფლების, ასევე, იმ პარტიების გაბედული კრიტიკით, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, როგორც ისიდორე რამიშვილი იგონებს, სათათბიროს  ტრიბუნიდან ზეპირად წარმოთქვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა. მონაწილეობა მიიღო ე. ჭ. „ვიბორგის მანიფესტი“ შემუშავებაში და ხელიც მოაწერა.  

აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოსსახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, 1918 წელს გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. როგორც იურისტი, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წელს მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სამმართველოში, იყო მთავრობის საქმეთა მმართველი. 1919 გახდა დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან). მისი სიტყვები პარლამენტში ყოველთვის მძაფრი იყო. დამოუკიდებლობის წლებში გაზეთ „ერთობასა“ და სხვა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში დაბეჭდილი მისი პუბლიკაციებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სტატიების სერია - „სენატი“ [„ერთობა“ №№164-168, 1919], სადაც განხილულია სენატის შექმნის მიზნები და ამოცანები საზღვარგარეთ და ჩვენში, გაანალიზებულია საერთაშორისო სამართლის საკითხები და ეროვნული პრობლემები. მან მოამზადა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა რამდენიმე კანონპროექტი. პარალელურად იყო ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე. მოუხდა სასამართლო დავა ნაფიც მსაჯულ ივანე ზედგენიძესთან, რომელმაც მოითხოვა მისთვის დეპუტატის შეუვალობის კანონი აეცილებინათ და პარლამენტს მიეცა უფლება სასამართლოს გაერჩია მასთან მომხდარი კონფლიქტი. შელაპარაკებისას, ზედგენიძის მტკიცებით,  დეპუტატმა ს. ჯაფარიძემ იარაღი დაანახა და დაემუქრა, რასაც ის შეუთავსებლად მიიჩნევდა დეპუტატის თანამდებობასთან. პარლამენტმა დააკმაყოფილა ზედგენიძის თხოვნა, მოუხსნა ს. ჯაფარიძეს იმუნიტეტი. სასამართლომ განიხილა დავა და ს. ჯაფარიძე გაამართლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  ნამდვილი წევრი (1902-1918); საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). იყო იუსტიციის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე). ჰყავდა ცოლი და 4 შვილი.

 საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates