• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე

ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე (12. I. 1884, სოფ. შარდომეთი, რაჭის მაზრ.  - ??? , სოფ. ქვიშხეთი, ხაშურის რ-ნი.) სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა თავადის ოჯახში, საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის გიმნაზიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ხარკოვის უნივერისტეტში, სწავლობდა შვეიცარიაშიც. განათლების მიღების შემდეგ ადვოკატად მუშაობდა თბილისში. 1905-ს შეუერთდა რსდმ პარტიის მენშევიკების ფრაქციას. იყო პარტიის აქტიური წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. 1911-დან იყო წ.კ.გ.ს. წევრი.

1917-ის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა ეროვნული საბჭოს წევრად. 1918-ს 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918-ს გარკვეული პერიოდი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მდივანი. ნოე ჟორდანიას ბრძანებით 1918-ს დეკემბერში   სერგი ჯაფარიძის ნაცვლად კონსტანტინე ჯაფარიძე დაინიშნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველად. 1919-ის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.         1919-ის 14 მარტს   სხდომაზე  არჩეული იქნა  დამფუძნებელი კრების მდივნად, შედიოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის შემადგენლობაში, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში და პროპაგანდას ეწეოდა მოსახლეობაში. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციის ცეკას შემადგენლობაში.  საბჭოთა  რეჟიმის მიერ 1923, 1926 და 1933-ში სამჯერ იქნა  დაპატიმრებული, გათავისუფლების შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა სოფელ ქვიშხეთში სადაც 40-იანი წლებში გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. დაკრძალულია ქვიშხეთში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates