• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე

ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე (16. IX. 1886. თბილისი - ). 1905 დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 შევიდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში და მის სამხედრო ორგანიზაციაში. 1906 დააპატიმრეს და თბილისის სამოსამართლო პალატის გადაწყვეტილებით გადაასახლეს ციმბირში, თუმცა, ეტაპით მგზავრობის დროს გამოიქცა და არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. მუშაობდა და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის, რომლებმაც პროფკავშირის და მისი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორად აირჩიეს. 1908 საფრანგეთში გაიხიზნა და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიასა და სოციოლოგიაში ლექციებს ისმენდა. 1911 ბაქოში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესაში. 1912-1914 კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც კრასნოიარსკის და ენისეის ციხეებში იხდიდა სასჯელს. ხელმეორე გადასახლების დროს მუშაობდა ენისეის გუბერნიის მინუსინის  მაზრასა და მინუსინსკში, კოოპერატიულ სფეროში.                                                                 

1917 თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ერთ ხანს იყო  ესერთა პარტიის წარმომადგენელი ენისეის გუბერნიის „თავდაცვის კომიტეტში“, შემდეგ - პეტროგრადში მუშაობდა მთავარ საადგილმამულო კომიტეტში. ამავე დროს იყო გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან არსებული „ბეჭდვითი კაბინეტის“ წევრი-რედაქტორი, რომელსაც თავმჯდომარეობდა რუს ესერთა ცნობილი ლიდერი-ქალი ბრეშკო-ბრეშკოვსკაია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო ესერთა პარტიული ორგანოს „Дело народа“ს რედაქტორი. 1917 ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე კ. ჯავრიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად დასახელდა და მის შემადგენლობაში შედიოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ამოწურვამდე, როგორც წარმომადგენელი ესერთა პარტიისა, რომელიც თავდაპირველად არ იყო ოფიციალურად, რუსეთის ესერთა პარტიისაგან გამოყოფილი და დამოუკიდებელ ქართულ პარტიად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაფორმდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates