ჯავახიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1875, გორი, ― 1973, თბილისი) გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970). დაწყებითი სწავლა-განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო. შემდგომში სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში. 1895-ს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო ხარჯზე სწავლის გაგრძელების უფლებით. 1900 პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა უნივერსიტეტი და დარჩა საპროფესოროდ მოსამზადებლად. მუშაობას აგრძელებდა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგიის შესწავლის კუთხით. 1912-ს ალ. ჯავახიშვილის ანთროპლოგიური შრომების ,,საქართველოს ანთროპოლოგია“, ტ. I და II, მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო — პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის პრემიები მიანიჭა.
1918-დან ხელმძღვანელობდა საქართველოს ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმს. 1920-ს 19 ივნიის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ალ. ჯავახიშვილი არჩეული იქნა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918-1921 ასწავლიდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1926-1932 ხელმძღვანელობდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტს, 1933-1938 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტს. 1945-1962 ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტს. არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945) და საქართველოს სსრ გეოგრაფიის საზოგადოებაოს (1924) დამაარსებელი. 1936-1938 კითხულობდა ლექსიებს: ბათუმის, 1943-1949, გორი 1933-1936 ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ხოლო 1934-1936 ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში. იგი მონაწილეობდა აგრეთვე საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელს ატარებს კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი, მისი სახელობისაა ასევე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.