• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაბადარი გიორგი ალექსანდრეს ძე

ჯაბადარი გიორგი ალექსანდრეს ძე (2.VI.1888 - თბილისი - 16.VII.1938 - ბერლინი) ქართველი რეჟისორი და პედაგოგი. დაიბადა საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. 1902 სწავლობდა ბელგიაში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა თეატრალური სტუდია.  მუშაობდა ა. ანტუანის ცნობილ თეატრში.

1918 საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს ზაქარია (შაქრო) ბერიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი (ე.წ. ჯაბადარის სტუდია). პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ: ვალერიან შალიკაშვილი, ვასილ ყუშიტაშვილი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა და სხვ. აქ სწავლობდნენ ვ. ანჯაფარიძე, მ. ჭიაურელი, ა. ვასაძე, ბ. გამრეკელი, მ. გელოვანი, უ. ჩხეიძე, დ. ანთაძე და სხვ. 18.XI.1918 სახელმწიფო თეატრში,  ქართული დრამატული საზოგადოების ახალი დასის მიერ,  გ. ჯაბადარის რეჟისორობით სეზონი ბრიეს 5 მოქმედებიანი მუსიკალური დრამით ,,სარწმუნოება“ გაიხსნა. 2.II.1919 არტისტული საზოგადოების თეატრში, ქართული სტუდიის მიერ, ქართველ მეომართა პატივსაცემად ა. სუმბათაშვილის ,,ღალატი“ დაიდგა. რეჟისორები: ზ. ბერიშვილის და  გ. ჯაბადარი.  2.III.1919 ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“  გამოქვეყნდა ცნობა,   რომ  რეჟისორი გ. ჯაბადარი და სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე შ. ამირეჯიბი წარუდგნენ მთავრობის თავმჯდომარეს ნ. ჟორდანიას და დახმარება სთხოვეს ქართული თეატრისთვის. 26.XI.1919 არტისტული საზოგადოების თეატრში, საქართველოს ცენტრალურ კოოპერატივთა კავშირის დრამატულმა სტუდიამ,  ლ. ჯაკოს ,,ვითა ფოთლები“ წარმოადგინა. პიესის გამძღოლი შ. ბერიშვილი. რეჟისორი კი გ. ჯაბადარი იყო.  თავის დაარსებულ სტუდიას 1920-მდე ხელმძღვანელობდა. 1920 საქართველოს ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. ევროპული ენების ცოდნის გამო საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, კ. კანდელაკის თანაშემწედ დაინიშნა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გ. ჯაბადარი ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრში „ოდეონი", ბერლინის „სამხატვრო თეატრში" და სხვ. გ. ჯაბადარს ეკუთვნის ნაშრომი "ქართული თეატრი". ძმასთან ერეკლესთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი", შემდეგ კი გერმანულ ენაზე, მეუღლესთან, გერტრუდა ჯაბადართან ერთად თარგმნა იგივე პიესა და 1935 ბერლინის "სამხატვრო თეატრში" წარმოადგინა. ეს იყო ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა. დაკრძალულია იქვე, შენებერგის სასაფლაოზე.                                       

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates