• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხუნდაძე სილოვან

ხუნდაძე სილოვან  (3 აპრილი/16 აპრილი, 1860, სოფ. კალაგონი, ― 12 მაისი, 1928, ქუთაისი), ცნობილი  პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი, დაიბადა  მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. 1880 ს. ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880-ში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის -  "სამშობლოს" ოთხი ნომერი. 1884 დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884  შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1888-მდე ასწავლიდა  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. იყო ქშწკგ საზოგადოების ნამდვილი წევრი.1900  აღნიშნული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის და ს. ხუნდაძის თაოსნობით  შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ს. ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის: ნიკო ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, კონსტანტინე ერისთავი, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ვარლამ თოფურია, ვიქტორ ნოზაძე და სხვანი. 1916 იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნა 1907 ქუთაისში გამოცემული ს. ხუნდაძის ნაშრომები "ილია ჭავჭავაძის სახსოვრად" და "მკვლელები და მცველები". 1914  კავკასიის სასწავლო ოლქის ინსპექტორმა კორიცკიმ, რომელსაც არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა, "ატესტატების სიმცირის" საბაბით გადაწყვიტა მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა - იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა მისმა თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე შეხვდა და პროტესტის ნიშნად ხელი არ ჩამოართვა. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. ხუნდაძე გიმნაზიას 1916 წლის დამლევს დაუბრუნდა.

1917-ის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა "თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება". 1919 გარდაცვლილი ი. ოცხელის ნაცვლად, გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა ს.  ხუნდაძე. ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1923-მდე. დაკრძალულია ქუთაისში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates