• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხუნდაძე გაბრიელ 

ხუნდაძე გაბრიელ  (1877-1937) - ქართველი დიპლომატი, დამოუკიდებელი საქართველოს   სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა რუსეთში. საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებდა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, მოსკოვში თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი - გ. ხუნდაძე მიავლინა. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი ქართველი დიპლომატიური წარმომადგენელი (ელჩი) იყო. ამ თანამდებობაზე გ. ხუნდაძე 1918-ის ივნისში დაინიშნა.. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ საგარეო კურსს ადგა, საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მასთან თანამშრომლობისთვის მზად იყო,  თუმცა საბჭოთა ხელისუფლება, რუსეთის იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა. ამის შესახებ გ. ხუნდაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნავდა: „ყველა იმ ერს, რომელმაც ისარგებლა ერთა თვითგამორკვევის პრინციპით და ბოლშევიკური მთავრობა არ იცნო, ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს. ტროცკიმ წინადადება მისცა ადმირალ საბლინს ფლოტი საბრძოლველად გაემზადებინა და სევასტოპოლიდან გაელაშქრა ჩხენკელის მთავრობის წინააღმდეგ. ამას ბოლშევიკები არ ეძახიან ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ გალაშქრებას“. საბჭოთა რუსეთში ელჩად მუშაობის პერიოდში, გ. ხუნდაძემ  აქტიური დიპლომატიური და საორგანიზაციო მუშაობა გასწია, ჩამოაყალიბა საკონსულო პეტროგრადში (კონსული პეტრე ჩინიჯიშვილი). 1919-ის დასაწყისში გ. ხუნდაძეს განუცხადეს, რომ საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის მთავრობას არ ცნობდა. კრემლის მესვეურთა განკარგულებით, რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობა დახურეს და იანვარში დააპატიმრეს საქართველოს საელჩოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ელჩის - გ. ხუნდაძის ჩათვლით. იგი ბუტირკის ციხეში მოათავსეს და რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს.

1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარემ ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური წარმომადგენლობებიც გახხსნა, საქართველოს ელჩად გერასიმე მახარაძე დაინიშნა. გ. ხუნდაძემ დიპლომატიური მოღვაწეობა ამჯერად აზერბაიჯანში ელჩის რანგში გააგრძელა 1920 წლის ივნისამდე. თანამედროვეები მას ახასიათებენ როგორც იშვიათ კეთილშობილ, უშიშარ ვაჟკაცს და შესანიშნავ ორატორს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates