• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხომერიკი ნოე გიორგის ძე

ხომერიკი ნოე გიორგის ძე (1884, ემიგრაციული პრესის მიხედვით 1882. სოფ. მიქელგაბრიელი, ოზურგეთის მაზრა -1924). ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი,  სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სკოლა, სადაც არალეგალურ წრეებში სოციალისტურ მოძღვრებას გაეცნო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1902 გურიაში გლეხთა მოძრაობამ იფეთქა. ნ. ხომერიკი, იმ დროს, ცნობილ მემამულე - მიხეილ ნაკაშიძესთან მსახურობდა და გლეხთა მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო. ის დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ქუთაისის ციხეში იჯდა 1902  ქ. ბათუმის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფს შეუერთდა. მუშაობდა ბათუშის მანთაშევის ქარხანაში, დღიურ მუშად მოეწყო. ნ. ხომერიკმა სასტამბო საქმე გულდასმით შეისწავლა და ამით ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას დიდი სამსახური გაუწია. დიდი წვლილი შეიტანა იმერეთის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ჩამოყალიბებაში. შექმნა რაიონებსა და მთავარ სოფლებში, ორგანიზაციები. გლეხთა შორის პროპაგანდა რომ გაეადვილებინა, მან შეადგინა წიგნაკი - „სოფლის მუშათა მიმართ“, რომელიც კავკასიის საკავშირო კომიტეტმა გამოსცა და ყველა პროპაგანდისტისთვის აუცილებელი სახელმძღვანელო გახდა. 1904 წელს, ნოე ხომერიკი შეიპყრეს და ქუთაისის ციხეში გაგზავნეს. გლეხთა მოთხოვნით, სოც-დემ. ორგანიზაციამ მისი განთავისუფლება გადაწყვიტა. ქუთაისის ციხეში გამგზავრებისას, მხლებელ დარაჯთა გუნდს, შეიარაღებულ რევოლუციონერთა რაზმი თავს დაესხა და ნ.ხოემერიკი გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც 1904 ბევრი სოციალ-დემოკრატი დააპატიმრეს, ნ. ხომერიკი სათავეში ჩაუდგა თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას.  პირველი რევოლუციის პერიოდში ხელმძღვანელობდა ადგილობრივი სოც-დემ. ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკური კომისიას. იგი ესწრებოდა რსდმპ-ს გამაერთიანებელ ყრილობას  სტოკჰოლმში აგრარული საკითხის შესახებ კამათში მონაწილეობა მიიღო. 1908   თბილისში შეიპყრეს და რამდენიმე თვიანი ტუსაღობის შემდეგ, ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. 1911 წელს, ნ. ხომერიკი საქართველოში დაბრუნდა და ქ. ქუთაისში დაბინავდა. ხელმძღვანელობდა საარჩევნო კამპანიას რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში.                    

1916  ნ. ხომერიკი აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც იგი 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პროცესებში. 1918-ის 26 აპრილს შემდგარ ამიერკავკასიის  დამოუკიდებელ რესპუბლიკის მთავრობაში მან მიწათმოქმედების მინისტრის პოსტი დაიკავა. იგივე თანამდებობა ეკავა მას დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაშიც და 1919-ის მარტიდან შემდგარ ერთპარტიულ მთავრობაშიც. მიწათმოქმედების სამინისტრო, არსებობის პირველივე დღიდან, რეფორმების გატარებას შეუდგა. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, პარლამენტმა მრავალი კანონი მიიღო და დაამტკიცა. თუ საქართველოში, ბოლშევიკურმა ანარქიამ ფეხი ვერ მოიკიდა, ეს უპირველესად აგრარული რეფორმის განხორციელებას მიეწერება, რაც ნ. ხომერიკის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამ საქმეში, მან თავისი დიდი ორგანიზაციული ნიჭი, ერთხელ კიდევ გამოაჩინა. როგორც ცნობილია, „ხომერიკის რეფორმებით“, საქართველოს გლეხობას მიწები კერძო საკუთრებაში გადაეცათ, თუმცა რეფორმის ბოლომდე დასრულება ვერ მოესწრო. 1920 3 დეკემბერს ხომერიკი მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი დავით ონიაშვილმა დაიკავა.

1921-ის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნ. ხომერიკმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ, ემიგრაციაში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომისიაში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შედიოდა. ნ. ხომერიკი  საქართველოში განმათავისუფლებელი ორგანიზაციების მოწყობას აქტიურად ხელმძღვანელობდა. 1922-ის ოქტომბერში ნ. ხომერიკი საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, რათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის, პირადად ეხელმძღვანელა. მან სწრაფად აღადგინა დაშლილი ორგანიზაციები და პარტიათა შორის თანხმობა განამტკიცა, ასევე, მოაწესრიგა დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობა, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოჩინა, თავისი ორგანიზატორული უნარი. 1923-ის ნოემბერში ის   ბოლშევიკებმა დაატუსაღეს, თუმცა მას ტყვეობაშიც არ შეუწყვეტია ბრძოლა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. „ჩეკა“ და მისი აგენტები ქედს იხრიდნენ ნ. ხომერიკის გაუტეხელი მისი მტკიცე ნებისყოფის წინაშე. 1924-ის ივლისის ბოლოს ის სუზდალის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე, ის კავკასიაში დააბრუნეს და ქურდულად დახვრიტეს. ნოე რამიშვილი მის თავდადებას ასე აფასებს: „თავისი პრაქტიკული მოღვაწეობით, 1917 წლამდე, მან სამართლიანად დაიმსახურა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი ორგანიზატორის სახელი, თავისი კალმით მან მოიპოვა ლიტერატორთა შორის საპატიო ადგილი. თავისი მინისტრობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში, მან მოგვცა ტიპი საუკეთესო პოლიტიკური მოღვაწის, რომელიც სწრაფად ერკვევა ახალ შექმნილ პირობებში და თავის დიდ ორგანიზატორულ უნარს შესაფერისად იყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში. საოკუპაციო ხანაში მან გაკაფა გზა ერის განთავისუფლებისა და მისთვის თავდადებისა, პარტიის მეთაური ჭეშმარიტად ერის მეთაურიც შეიქნა. ჯუღაშვილებმა ფიზიკურად მოიშორეს თავიდან მათი თავდადებული მოწინააღმდეგე და დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის საუკეთესო მებრძოლი. ამით უფრო მეტი უფსკრული ამოთხარეს მათსა და საქართველოს მშრომელთა შორის. ნოე ხომერიკის დიდი ამაგი მომავალ თაობას უკუნითი-უკუნისამდე გადაეცემა. მან საბოლოოდ დაიმსახურა დიდებული ორგანიზატორისა და წამებულის უკვდავი სახელი“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates