• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭიაურელი მიხეილ ედიშერის ძე

ჭიაურელი მიხეილ ედიშერის ძე (6.II.1894 - თბილისი - 31.X.1974 - თბილისი), კინორეჟისორი, მსახიობი, მოქანდაკე, მხატვარი. მიხეილის მამა - ედიშერი საგარეჯოელი გლეხი იყო, რომელის თავის გათხოვილ დას გამოჰყვა თბილისში, ჯერ მედუქნის კარზე მუშაობდა მოჯამაგირედ, მერე კი მწვანილს ყიდდა მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კუთხეში. დედა - სოფიო სონღულაშვილი დიღმელი ქალი იყო. ოჯახს მიხეილის გარდა სამი ვაჟი ცხოვრობდა წინამძღვრიშვილის №53-ში, მიხეილის გარ. მ.ჭ. პირველდაწყებით სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს. 29.XII.1909 სასწავლებლის დასრულების ღონისძიება სახალხო სახლშ გაიმართა.იოსებ ივანიძის რეჟისორობით ქართულად დადგეს ერთმოქმედებიანი ვოდევილი ,,ახირებულია“. მ.ჭ.-მ შეასრულა აკაკი აკაკიევას როლი. 1910 სახალხო სახლთან არსებული ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წევრი. 1911-1914 დასს რეჟისორი ა.წუწუნავა ხელმძღვანელობდა. 1915-დან ა.წ.-ს ხელმძღვანელობით, დასის წევრთა ერთი ჯგუფი, მათ შორის მ.ჭ. ოზურგეთში გაემგზავრა. 1916-1917 მ.ჭ. ბათუმის ნახევრად პროფესიული დასის წევრია, რომელსაც ვ. შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა. 1917-ის ზაფხულში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ მოწყობილ ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი იყო. ექსპედიციას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა, მ.ჭ.-ს გარდა ა.კალგინი, ლ. გუდიაშვილი და დ. შევარდნაძე მონაწილეობდნენ. 1917-ს შემოდგომაზე ქუთაისში გაემგზავრა და მ. ქორელის ხელმძღვანელობით შეკრებილი დასის მსახიობი იყო.

1918-ის ზაფხულში, ქუთაისის სათეატრო სეზონის დასრულების შემდეგ სამტრედიის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა. 1918-1919 იყო ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა დრამატული წრის ხელმძღვანელი. მისი სტუდენტები იყვნენ: უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე, შალვა ღამბაშიძე, პავლე კანდელაკი და სხვ. 1919 იყო გიორგი ჯაბადარის სტუდიის მსმენელი და მსახიობი. 7.II.1920 მთავარი როლი შეასრულა ნ. შიუკიშვილის ,,სულელში“. 22.II.1920 ნ. შიუკიშვილის დრამა ,,ციცინათელა“-ში ლევანის როლი მიიღო. 1920 მ.ქ.-ის დასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა გასტროლებზე, გასტროლებიდან დაბრუნებული მთელი დასი თბილისის ახლადშექმნილ დრამატულ დასში ჩაირიცხა. დასს ხელმძღვანელობდა აკაკი ფაღავა. რეჟისორები: მ.ქ., ა.წ., კ. ანდრონიკაშვილი, ა. ახმეტელი და ლადო მესხიშვილი. 15.X.1920 სეზონი შ. დადიანის კომედიით ,,გუშინდელი“ გაიხსნა. მ.ჭ.-მ შეასრულა გორგასლიანის როლი. ამავე დროს სეზონის განმავლობაში შეასრულა სტუდენტი ლეოს (ვ.ვინიჩენკოს ,,სიცრუე“), მიხას (ი.გედევანიშვილის ,,მსხვერპლი“), მეფე ლუარსაბის (ს. შანშიაშვილის ,,უგვირგვინო მეფე“), ჰეინრიხის (გ. ენგელსის ,,ზღვასთან“), ბერდოს (ს. შანშიაშვილის ,,ბერდო ზმანია“), ზაქარიას (ა. ცაგარელის ,,მათიკო“), უცნობის (პ.ჰეიზეს ,,მარიამ მაგდალინელი“), ავეტიკას (ა.ცაგარელის ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ“) როლები. ოქტომბერში დ. კლდიაშვილის ნაწარმოებების ,,დარისპანის გასაჭირი“ და ,,ირინეს ბედნიერება“ მთავარი გმირების გრიმი მ.ჭ.-ს ესკიზების მიხედვით შესრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში მისი შესრულებული არაერთი ჩანახატი გამოქვეყნდა. ხატავდა იმ დროს მოღვაწე პოლიტიკოსებისა თუ ხელოვანი ადამიოანების შარჟებს. თანამშრომლობდა ჟურ. ,,ეშმაკის მათრახი“, სადაც მისი ათეულობით ნამუშევარია დაბეჭდილი.

1921 მარტსა და აპრილში ქართული და რუსული თეატრები შეიქმნა. მ.ჭ. ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდა. 1921 გადაიღეს ,,არსენა ჯორჯიაშვილის“ მთავარი როლის შემსრულებლად. 1922-1924 გერმანიაში იყო, სადაც დრეზდენის სამხატვრო აკადემიის გამოჩენილ მოქანდაკეთა სახელოსნოში გადიოდა პრაქტიკებს.  საქართველოში დაბრუნებული ქმნის სკულპტურულ ნამუშევრებს. 1927 იღებს პირველ ფილმს ,,უკანასკნელი საათი“. 1928-ში კი - ,,პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“, აქ მ.შ. ქართული კინოს ისტორიაში პირველად იყენებს ნახატ კადრს.  1940-1950 მუშაობდა ,,მოსფილმში“. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სვერდლოვში გადაასახლეს, 1957 დაბრუნდა თბილისში. იყო სტალინური პრემიის ხუთგზის ლაურეატი და ვენეციის კინოფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი. 1974 გარდაიცვალა. ჯერ თბილისის კინოსტუდიის ეზოში დაკრძალეს, შემდეგ მთაწმინდის პანტეონში გადაასვენეს.

მ.ჭ. რეჟისორობით გადაღებული ფილმებია: ,,ფიცი“, ,,ბერლინის დაცემა“, ,,დაუვიწყარი 1919 წელი“, ,,ოთარაანთ ქვრივი“, ,,ამბავი ერთი ქალიშვილისა“, ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და სხვ. მუშაობს მულტიპლიკაციურ ფილმებსაც: ,,როგორ მარხავენ თაგვები კატას“, ,,ქირურგი მამალი“, ,,რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates