წულუკიძე ალექსანდრე პეტრეს ძე (1888-1967) - ქირურგ-უროლოგი, საქართველოში მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). 1913 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
1919 თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამკურნალო ფაკულტეტზე გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად.
1922-1924 წწ-ში გერმანიასა და საფრანგეთში დახელოვნდა უროლოგიაში. 1925 დაიცვა სადოქტორი დისერტაცია, იყო პროფესორი (1930). 1930-1959 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ქირურგიისა და უროლოგიის კათედრებს, 1949-1953 წლებში _ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს, 1953-1967 წ-ში მისივე ინიციატივით დაარსებულ უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.