წინამძღვრიშვილი მიხეილ დოროთეს ძე (1882, დაბა სურამი - 1956, თბილისი) - თერაპევტი, საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და კარდიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1921), პროფესორი (1924), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946) იყო საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1956), თერაპევტთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი (1956). 1910 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
1919 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მ. წინამძღვრიშვილი უნივესიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დიაგნოსტიკის კათედრის ასისისტენტად აირჩია.
1921-1930 წწ-ში იყო თსუ-ის დიაგნოსტიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1927-1928 წწ-ში მივლინებული იყო ბერლინის, ვენისა და პარიზის კლინიკებში, 1930-1956 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას, 1946 დააარსა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. მიხეილ წინამძღვრიშვილმა 1946 წ-დან დაიწყო ჰიპერტონიული დაავადებების ეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს მოსახლეობაში. შეიმუშავა ჰიპერტონიული დაავადებებისა და გულის კუნთის დისტროფიის ორიგინალური კლასიფიკაციები (1952-1956). გამოჰყო ჰიპერტონიული დაავადებების შექცევადი ანუ რევერზიბელური ფორმა და პრეჰიპერტონიული მდგომარეობა (1952); შეისწავლა გულის თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკის საკითხები. ავტორია შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის პირველი ორტომიანი სახელმძღვანელოსი (1930, 1936, 1937).
დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.