• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წერეთელი მიხეილ (მიხაკო)

წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (ფსევდ.: Baton, მ. სანგალა, ალაროდიელი, ვრაცი) (23. XII.1878,  სოფ. ცხრუკვეთი - 2.III.1965, მიუნხენი) -   ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოვაწე, პროფესორი. 1898 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საიდანაც 1899 აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით და ერთხანს იქვე კითხულობდა ლექციებს. თავდაპირველად მ. წერეთელი მარქსიზმს იზიარებდა. მან პირველად თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ნოე ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში. 1900-1907 წწ-ში, მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პეტრე კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან; ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში. 1904 აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული პოლიტიკური ფრაქციების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელზეც დაარსდა სოციალისტ-ფედერალისტთა ბლოკისტური პარტია („თერგელის“ ფსევდონიმით). 1907 წ-ის 2 სექტემბრის გაზეთ „ისარში“, ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი: „კაცია ადამიანი?!“. ილიას დაკრძალვაზე მან  ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც სტატიის სახით იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“. 1910 თბილისში გამოიცა მ. წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა - „ერი და კაცობრიობა“, რომელიც პირველი ქართული სოციოლოგიური მონოგრაფია იყო. 1910 იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914  მ. წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ. პირველი მსოფლიო ომის წლებში მიხეილ წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" - ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ცდილობდა გერმანიის მეშვეობით საქართველოს გათავისუფლებას. 1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში, სადაც სიტყვა წარმოთქვა ანტანტის პოლიტიკის წინააღმდეგ. ომის დროს ის წყალქვეშა ნავით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც იარაღი და ფული ჩამოიტანა. შეხვდა  ნოე ჟორდანიას, რომელმაც საქართველოში ანტირუსულ გამოსვლებს მხარი არ დაუჭირა.

1918-1919 წწ-ში მიხეილ წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წწ-ში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.

1921 წ-ის თებერვალ-მარტში მ. წერეთელი იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. 1922-1945 წწ-ში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი. 1920-იანი წწ-ის პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი“ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა“. 1926 წ-დან 1940-იანი წწ-ის დამლევამდე იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი. მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან  ასობით ქართველი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა. გარდა ამისა, 1942 იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დაფუძნებისა. 1945 წ-დან მიუნხენში (გერმანია) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“, რომელშიც  მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი გამოქვეყნდა. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის - „Georgica“ (ლონდონი) - ფურცლებზე.

მ. წერეთელი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2012 ვასილ და მიხეილ წერეთლების სახელი მიენიჭა ქუჩას ქალაქ ჭიათურაში. 2013 მ. წერეთელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates