• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წერეთელი ვასილ გიორგის ძე 

წერეთელი ვასილ გიორგის ძე (18.I.1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა - 23.X.1937, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ექიმი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1884 დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, საიდანაც ორი წლის შემდეგ გადავიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. თავდაპირველად ხალხოსნურ წრეში გაერთიანდა, შემდეგ კი მარქსისტი გახდა. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1887 ,,მგლის ბილეთით“ გარიცხეს უნივერსიტეტიდან და საქართველოში ეტაპით გამოგზავნეს. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში. 1893 . ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1899 იყო ჭიათურის მწარმოებელთა საავადმყოფოს გამგე, საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, თიანეთში, ბაქოს გუბერნიაში, რაჭაში, ქუთაისსა და სხვ. არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრად. იყო ჟურნალ ,,თეატრის“ მუდმივი თანამშრომელი, შემდეგ ,,ივერიის“ რედაქციაში გადაინაცვლა (შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც ,,ახალგზარდა ივერიელებად“ იწოდება). რუსულენოვან გაზეთ ,,ჩერნომორსკი გოლოსში“ თანამშრომლობისათვის, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, ქალაქიდან გაასახლეს. 1912 წ-დან  დაუკავშირდა ქუთაისურ გაზეთ ,,იმერეთს“ (შედიოდა მის სარედაქციო კოლეგიაში), ხოლო მოგვიანებით რედაქტორობდა მის ნაცვლად გამოცემულ გაზეთს ,,სამშობლო“, იყო ასევე, ქუთაისური გაზეთის ,,ჩვენი ქვეყანა“ თანარედაქტორი. წერდა ფსევდონიმებით: „ვ. წ“, ,,ურო“, ,,კვესი“, ,,ულმობელი“, ,,ზემო იმერელი“, ,,ისარი“ და სხვ. არჩეული იყო ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობის საბჭოს წევრად, ლექციებს კითხულობდა სახალხო უნივერსიტეტში. 1916  შეადგინა და ქუთაისში გამოსცა ნაშრომი ,,ქართული სამეცნიერო და საფილოსოფოსო ტერმინოლოგია იოვანე პეტრიწის თარგმანის მიხედვით“. ვ. წერეთელი თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში შედიოდა და რევოლუციური საქმიანობისათვის განიცდიდა დევნას, რის გამოც დროებით არალაგალურად ცხოვრებაც მოუწია. შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და მისი ერთ-ერთი თეორეტიკოსი გახდა.

1917 ვ. წერეთელმა გამოსცა რამდენიმე წიგნაკი, კერძოდ: ,,ავტონომია და ფედერაცია: 1783 ტრაქტატი, ავტონომია და ფედერაცია“; ,,გლეხთა საკითხი: (შეიძლება თუ არა მოისპოს კერძო საკუთრება მიწაზე)“ და სხვ. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე (1917 ივნისი) აირჩიეს ყრილობის თავმჯდომარის მოადგილედ. შედიოდა ედპ-ის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად. 1918 წ-ის მაისში, საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ის სიით შევიდა საბჭოს შემადგენლობაში, აირჩიეს საბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად. 1918 წ-ისსექტემბერში მან გ. ვეშაპელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა ,,დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქცია“, რომელიც გამოეყო ედპ-ს და საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის შექმნას (იგივე ეროვნული პარტია, იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია). ვ. წერეთელი მცირე ხნით ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1920 შეადგინა ,,საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, რომელიც გაზეთ ,,საქართველოში“ დაიბეჭდა. მიუღებლად მიაჩნდა საქართველოს ფედერაციული მოწყობა და ნეიტრალიტეტი, მხარს უჭერდა წარმომადგენლობითი საკანონმდებლო სისტემის - პარლამენტის არსებობას, ასაბუთებდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროებას. აკრიტიკებდა მოქმედ საარჩევნო წესს, რომელიც, მისი აზრით, ,,პარტიულ დიქტატურას“ განაპირობებდა და მოითხოვდა, მოქალაქეს ნება ჰქონოდა, აერჩია, ვინც სურს, ,,სულ ერთია, მისი პარტიის კაცია თუ არა ასარჩევი კანდიდატი“.        

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ვ. წერეთელი ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და ძირითადად სამედიცინო მოღვაწეობით იყო დაკავებული. 1921-1926 წწ-ში მუშაობდა ქუთაისში, შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1926-1930 წწ-ში იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის ,,სამკურნალო მოამბე“ (1927-1929 წწ-ში  ეწოდებოდა „ჯანსახკომის მოამბე“, შემდეგ - ,,საბჭოთა მედიცინა“)  რედაქტორი. დაკრძალულია თბილისში,  ვერის ძველ სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates