• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცინცაძე  ნოე კონსტანტინეს ძე 

ცინცაძე  ნოე კონსტანტინეს ძე  (10.IV.1886, ლანჩხუთი - 23.IX.1978, პარიზი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც სხვა სემინარიელებთან ერთად რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიიღო.      1918 წ-ის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნ. ცინცაძე დემოკრატიული საქართველოს შენებას აქტიურად შეუდგა. 1918 წ-ის სექტემბრამდე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო, ხოლო 10 სექტემბრიდან, მაშინდელი სახალხო განათლების მინისტრის გ. ლასხიშვილის ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა, 1919 წ-ის 5 აპრილიდან კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, განათლების მინისტრის მოადგილე გახდა. 1918 წ-დან საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 1919 წ-ის 12 მარტიდან - დამფუძნებელი კრების წევრი. ნ. ცინცაძემ უმძიმეს პირობებში შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, ისინი სათანადო ქართული სახელმძღვანელოებით მოამარაგა. მისი ინიციატივით, ევროპაში სწავლა-განათლების მისაღებად გაიგზავნა რამდენიმე ათეული ქართველი ახალგაზრდა. 1921 წ-ის თებერვალ-მარტში, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნ. ცინცაძე არალეგალურთა რიგებში გადავიდა და უშიშრად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, რის გამოც ის სხვებთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, როგორც ანტისაბჭოთა მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, 1923 წ-ის 10 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნის დროს, მისი ხელმძღვანელობით, პარიზში, „საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია“  შეიქმნა. ნ. ცინცაძემ ემიგრაციაში თან წაიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიის ამსახველი სახელმწიფო-პოლიტიკური არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ემიგრაციაში განაგებდა თვით ეროვნული მთავრობის წევრებისგან (ე. გეგეჭკორი, კ. კანდელაკი, ა. ჩხენკელი, გ. ერაძე, ნ. ცინცაძე, ს. ასათიანი) შემდგარი კომისია. ნ. ცინცაძე გერმანიაში გასახლებულ 60-კაციან ჯგუფთან ერთად მოხვდა ემიგრაციაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის ეროვნული მთავრობის წევრების პოლიტიკური მუშაობისგან განცალკევებით იდგა. პოლიტიკურ საქმიანობაში მისი აქტიური ჩაბმა ე. წ. „პარიზის ბლოკის“ დაარსებიდან იწყება. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. უმთავრესი მუშაობა მას მოუხდა რუსეთის მიერ ჩაგრული ემიგრაციაში მყოფი ერების წარმომადგენლებთან, ის მათი მთავარი ორგანოს ხელმძღვანელი გახდა. სდრ-ის ეროვნული მთავრობის არქივის უსასყიდლოდ მოხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკაში სამი პიროვნების ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ესენი იყვნენ: ნ. ცინცაძე, დუგლას ბრაიანი - ჰარვარდის ბიბლიოთეკარი და რიჩარდ პაიპსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავის მოგონებებში, დაზიანებული ქართული არქივის პარიზიდან ჰარვარდში გადატანის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად „ქართული ემიგრაციის წამყვან ფიგურას პარიზში“ - ნ. ცინცაძეს მიიჩნევს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates