ცეცხლაძე გრიგოლ (6.IV.1894, სოფ.ჭანჭეთი - 23.XI.1976, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1915-1917 წწ-ში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ინსტრუქტორი.
1917 დაიწყო ლექსების ბეჭდვა. 1918-1920 წწ-ში გაზ. „მეგობრის“, ხოლო 1920-1921 წწ-ში გაზ. „სახალხო გაზეთის“ რეპორტიორი; 1919 მისი რედაქტორობით გამოდის ლიტ. ჟურ. „თოლაბაურის სარტყელი“, რომლის სამი ნომერი გამოიცა. მასში იბეჭდებოდა ცისფერყანწელების შემოქმედება. 4.IV.1919 - თბილისში, ჟურ. „თოლაბაურის სარტყელში“ დაიბეჭდა მისი, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რაჟდენ გვეტაძის, შალვა კარმელის, ლადო მაჭავარიანის, რაუდ გოგოხიას, კოკი ებრალიძის, ლიენა ლანის, შ. დორდელის, გ. მეგრელიშვილის ლექსები.
1924-1927 წწ-ში იყო ჟურ. „ხელოვნების“ რედაქციის, 1927-1929 წწ-ში გამომცემლობა „ქართული წიგნის“ მდივანი; 1935 იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი, 1939-1941 წწ-ში საქართველოს რადიოკომიტეტის ლიტერატურული მუშაკი, 1942-1947 წწ-ში ჟურ. „ნიანგის“ ლიტმუშაკი, 1948-1949 წწ-ში საქლიტფონდის დირექტორის მოადგილე, 1930-1938 წწ-ში ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. მისი თავისუფალი ლექსები („დიხაშხო“, „ოქტომბერი - ფრაგმენტი“ და სხვ.) ახალი ფორმის ძიების ნიშნითაა აღბეჭდილი. გამოსცა შემდეგი წიგნები: დადაისტური კრებული „პოეტის ყეფა“ (1924), „ოთხი მაუზერი“ (1931), „საკუთარი ხმა“ (1935), „ფერად-ფერადი ლექსები“ (1949); თარგმნა -პუშკინის „ევგენი ონეგინი“, ესენინის „ანნა სნეგინა“, მაიაკოვსკის ლექსები და პოემები, ნეკრასოვის „ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“.ს. ცერეკიძესა და შ. აფხაიძესთნ ერთად, ქართული ვერლიბრის პირველ თორიტიკოსად ითვლება. იყო ქართული დადამანიფესტის ავტორი.