• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცაგარელი ალექსანდრე  ანტონის ძე

ცაგარელი ალექსანდრე  ანტონის ძე (1844, კასპი -  1929, თბილისი) - ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი. 1856 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1867 წ-დან  სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა. 1968 წ-დან სწავლობდა გერმანიაში და ავსტრიაში.  ისმენდა ლექციების ციკლს მიუნხენისა და  ტუბინგენის უნივერსიტეტებში. 1871 წ-დან განაგებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას. 1874-1875 წწ-ში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში. 1886 წ-დან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1870  გაზეთ „დროებაში" გამოაქვეყნა წერილი „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში"; ახალგაზრდობიდანვე დაიწყო ქართულ ხელნაწერთა შეგროვება-აღწერა, მათი შესწავლა  და  კლასიფიკაცია. 1883    გაემგზავრა საზღვარგარეთ, გაეცნო პალესტინის, ათონისა და სინას მთის  ქართულ მწიგნობრულ კერებს და მიღებული შედეგები 1880-1894 წწ-ში გამოაქვეყნა; მან შეისწავლა და აღწერა 1877-1878 წწ-ში სამეგრელოს მთავრის (დადიანების) ხელნაწერთა კოლექცია, იოანე ბატონიშვილის კოლექცია (1880- პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში), 1882 პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში არსებული 36 ქართული ხელნაწერი, 1881  - მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში დაცული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი  დოკუმენტები. ა. ცაგარელმა  1878  გამოსცა შანშოვანის ქართული გრამატიკა; რუსულ ენაზე თარგმნა სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა"; ავტორია ენათმეცნიერული ნაშრომებისა: „კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა" (1872 წ.), „ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ" (1873 წ.), „მეგრული ეტიუდები" (ორ ტომად, 1880 წ);    აქტიურად  იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის (სტატია -,,შენიშვნები  ქართული  საეკლესიო საკითხისათვის“,  პეტერბურგი, 1912).

 1920 წ-ის 8 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობით, ალ. ცაგარელი   ერთხმად აირჩია უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. ალ. ცაგარელი იყო საქართველოს ეროვნული (ნაციონალისტური) პარტიის წევრი. 1919 დამფუძნებელი კრების არჩევნებზე ნაციონალისტური პარტიის საკანდიდატო სიის მე-7 ნომერი იყო, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა.

ა. ცაგარელის  ნაშრომთა  უდიდესი ნაწილი ეძღვნება  ქართულ ენათმეცნიერებას. მან პირველმა  ჩაუყარა საფუძველი  ქართველურ ენათა  შედარებით შესწავლას. იცავდა მეცნიერებაში ადრე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კავკასიური ენები არ ენათესავება  არც ერთ   ცნობილ ენათა  ოჯახს.  აკრიტიკებდა  თეორიებს,  რომლებიც  ქართულ  ენას  ინდოევროპულ  და  ურალურ-ალთაურ  ენათა  ოჯახებს აკუთვნებდა. მან გამოაქვეყნა ქართულისა და ქართველური ენების შესწავლის ისტორიულ-კრიტიკული მიმოხილვა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates