ცაგარეიშვილი გერასიმე (1884, სოფ. გოჩა ჯიხაიში - 14.XII.1927) - ცნობილი პედაგოგი. 1883 დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1893 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; 1894 მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, წარმატებით ასწავლიდა რუსულ და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას. 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გ. ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; ს. ს. ხუნდაძესთან ერთად, იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში.