ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე (1872, სოფ. საციხურI, გორის მაზრ. – VIII,1924, თბილისი) - თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. იყო რევოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად 1901. მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი. 1901 წ-ის 11 ნოემბერს შემდგარ თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პირველ კონფერენციაზე აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ვ. ცაბაძე, ი. სტალინთან და სხვებთან ერთად. თავდაპირველად ბოლშევიკურ ფრაქციაში შედიოდა, თუმცა შემდგომ მენშევიკებს მიემხრო. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1918 წ-ის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში. 1924 წ-ის აჯანყების დაწყებისთანავე ჩეკამ დააპატიმრა და დახვრიტა.