• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე 

ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე  (1881, სოფ. საყვავიასტყე, ჩოხატაურის მაზრა - 1924) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. სწავლობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ არ დაუსრულებია. აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალურ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1901-1903 წწ-ში გამოდოდა თბილისისა და ბათუმის რევოლუციურ შეკრება-მანიფესტაციებზე. იყო არაორდინალური, რადიკალური. ზოგჯერ თავისი მოუთმენელი ხასიათით პრობლემებს ქმნიდა. უფრო მემარცხენე სოციალისტი იყო, რის გამოც ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ბოლომდე უერთგულა და თავიც შესწირა. მისი ბიოგრაფია სავსეა დეტალებით, საიდანაც ჩანს მისი შეუპოვარი ხასიათი, ნიჭი და გაბედულება. 1903 წ-ის გაზაფხულზე  ბათუმის ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, როცა სამხედრო შტაბს მიუახლოვდნენ, მორიგე ოფიცერს  თითქმის ცხვირთან მიუტანა ხელი და ცხვირ-პირში მიახალა: „ძირს შენი  ნიკოლოზი!“ და გაიქცა. პირველი რევოლუციის დროს ბათუმში რევოლუციურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა ნ. რამიშვილსა და ნ. ხომერიკთან ერთად. იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნესტორ კალანდარიშვილთან ერთად უძღვებოდა ნასაკირალის ბრძოლას. გამოვიდა სოფელ ხიდისთავში გამართულ დიდ მიტინგზე, დაგმო და ხალხის მოტყუებად შეაფასა 17 ოქტომბრის მანიფესტი. მისი თაოსნობით 1905 წ-ს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში 970 ხმიდან  958 ხმა მიიღო. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი და უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც. ამ პროცესებში მონაწილეობისათვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. როდესაც ნასაკირალის აჯანყების მონაწილენი გაასამართლეს,  პროცესზე შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა. პროცესი დემონსტრაციად გადაიქცა. ამიტომ, ეს პროცესი თბილისში დახურეს და გადაიტანეს ოდესაში, სადაც აჯანყების ყველა მონაწილეს  ციმბირში გადასახლება და კატორღა მიუსაჯეს. ბ. ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიესაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში,  ეკავა თბილისის  ქალაქის თავის  თანამდებობა (1919-1920). იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიურად ებრძოდა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. როგორც ქალაქის თავი, მთელი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, მათ შორის ქოლერის გავრცელების წინააღმდეგ. პარლამენტარის მოვალეობის შესრულებისას მას კონფლიქტი მოუვიდა დეპუტატ შალვა ნუცუბიძესთან, ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ პასუხი მოსთხოვა ნუცუბიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან გაკეთებული რეპლიკის გამო. ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს სახეში გაარტყა. დეპუტატის საქციელმა ფართო საპროტესტო გამოხმაურება პოვა უნივერსიტეტის სტუდენტებში, ისინი გამოვიდნენ დემონსტრაციაზე და ჩხიკვიშვილის პარლამენტიდან გაძევება მოითხოვეს. სტუდენტების ნაწილმა დაიცვა დეპუტატი და ეს ინციდენტი კერძო შემთხვევად ჩათვალა, მოითხოვა, რომ პოლიტიკური მიზნით ეს არ გამოეყენებინათ. 1919 გახდა აფხაზეთის გუბერნატორი, 1920 ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი. 1921 წ-ის მარტში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.                  

1921 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა  ემიგრაციაში საფრანგეთში. იქ იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე. 1924 წ-ის მაისში  დაბრუნდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წ-ის აგვისტოს აჯანყებაში, მაგრამ 25 ივლისს დააპატიმრეს აჯანყების სხვა მეთაურებთან, გოგიტა ფაღავასთან, ნოე ხომერიკთან, ვასო ნოდიასთან და გიორგი წინამძღვრიშვილთან ერთად. დაპატიმრებულები დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე. 1919 შევსებულ ანკეტაში ის ასახელებდა ოჯახის წევრებს: ცოლს, ხუთი და სამი წლის ასაკის შვილებს, დედას, დას და ძმას.              

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates