• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხიკვაძე ზაქარია ივანეს ძე

ჩხიკვაძე ზაქარია ივანეს ძე (23.II.1862, თელავი - 27.IV.1930, თბილისი) - ლოტბარი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემკრები, მეცნიერი, მკვლევარი. დაამთავრა ჯერ თელავის, შემდეგ, 1884 თბილისის სასულიერო სემინარია. ვ. აუშევის კლასში მ. ბალანჩივაძესთან ერთად სწავლობდა. იყო ხ. სავანელის მოწაფე. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას შექმნა მოწაფეთა სამუსიკო გუნდი.  თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გალობა-სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. პარალელურად თელავის სასულიერო სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. 1889-1907 წწ-ში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიასა და მის მიერვე დაარსებულ უსინათლოთა სკოლაში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. 1890 გამოიცა მის მიერ შეკრებილი და რედაქტირებული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კრებული „სალამური“. გაიცნო და დაუმეგობრდა პ. ჩაიკოვსკის, რომელსაც გადასცა რვეული ქართული ხალხური სიმღერების ნოტებით. ასე მოხვდა ცნობილი ქართული „იავნანა“ ბალეტ „მაკნატუნაში“. აღნიშნულ მელოდიას ჩაიკოვსკიმ „არაბული ცეკვა“ უწოდა. 1905 ზ. ფალიაშვილთან, ა. ყარაშვილთან და ი. კარგარეთელთან ერთად, მონაწილეობდა ქართული ფილარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, აგრეთვე დააარსა პირველი ქართულ სამუსიკო სასწავლებელი და თავადვე ხელმძღვანელობდა მას. სიღნაღსა და თელავში დააფუძნა სამუსიკო სკოლები. 1913 წ-დან ქართული ფილარმონიული გუნდის ლოტბარი იყო. დამოუკიდებელ საქართველოში, 1919 წ-ის ჩათვლით, კვლავ აგრძელებდა ქართული ფილარმონიული გუნდის ლოტბარის თანამდებობაზე მუშაობას. 1919 სოხუმში ქართული ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი დააარსა.  იმავე წლიდან სიღნაღსა და თელავში მის მიერვე დაფუძნებული მუსიკალური სკოლების დირექტორი და პედაგოგი იყო. გასაბჭოების შემდეგ მუსიკალური სასწავლებლების დირექტორის თანამდებობა 1922 წ-მდე შეინარჩუნა, 1925 წ-მდე კი აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1925-1930 წწ-ში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. 1925 წ-დან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გ. ჩუბინაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ სიძველეთა მუზეუმს ხელმძღვანელობდა. წერდა წერილებს, იკვლევდა ძეგლებს და ძველ წარწერებს. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates