• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე (19.V.1874, სოფ. ოქუმი - 1959) - ქართველო სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი ეროვნული საბჭოსა (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში. დაიბადა  მრავალშვილიანი მღვდლის ოჯახში. მამა - ივანე ჩხენკელი ხონიდან იყო და იმდროინდელმა საეგზარქოსომ გაამწესა  აფხაზეთში სამუშაოდ, დედა  - ბოჭორიშვილის ქალი. ჩხენკელებმა ქვეყანას გაუზარდეს სახელოვანი შვილები (სამი ვაჟი და ორი ქალი), რომელთა შორის აკაკი და კიტა ჩხენკელები არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ  ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო და კულტურულ წრეებშიც კარგად იყვნენ ცნობილი. ხონის სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, 1893 წელს,  სასწავლებლიდან გარიცხეს. 1896-1901 წწ-ში  რუსეთშია, კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში, სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და   სამშობლოში დაბრუნდა. 1902-1904 წწ-ში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამავე პერიოდში ცოლად შეირთო მაკრინე სიმონის ასული თურქია და საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ცხოვრობდა ბერლინში,   ვენაში, პარიზში, ლონდონში, ეცნობოდა სოციალისტურ იდეოლოგიას, ამ თემაზე დაწერილ ნაშრომებს, ესწრებოდა სოციალისტურ კონფერენციებსა და კონგრესებს. 1907 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1909 სამშობლოში დაბრუნებული, წერს ეროვნულ საკითხებზე. 1910 დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი როსტოვში გადაასახლეს. 1912 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე. წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს. ბევრი ადამიანი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა. 1912 სათათბიროს ტრიბუნიდან გააპროტესტა ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების შელახვა და მოითხოვა ეროვნულ-კულტურული ავტონომია.       

1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში და  ხელმძღვანელობდა ყველა ქართული პრობლემის მოგვარებას. 1917 წ-ის ნოემბერში გამოცხადებულ ამიერკავკასიის კომისარიატში შინაგან საქმეთა კომისრის პოსტი ეკავა, ხოლო როდესაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რეპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. იმავდროულად, უაღრესად ენერგიულ მოღვაწეობას ეწეოდა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის. იყო 1917 წ-ის აპრილში შექმნილი ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე. როდესაც 1918 წ-ის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და შეიქმნა დემოკრატიული რესპუბლიკა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა  ამიერკავკასიის საზავო დელეგაციებს ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე, აგრეთვე, 1918 წ-ის  ივნისში გერმანიის მთავრობის წინაშე მივლინებულ ქართულ დელეგაციას. 1919 წ-ის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად.  ბევრი იღვაწა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის, ერთა ლიგაში მისი გაწევრიანებისათვის.

როდესაც 1921 წ-ის თებერვალში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო, საქართველოს პირველი ელჩი საფრანგეთში, ა. ჩხენკელი, დიდი პატივით მიიღეს ელისეს სასახლეში. თავად ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მილიერანმა, გადასცა მას ელჩის მანდატი. ცამეტი წელი გაგრძელდა მისი დიპლომატიური მოღვაწეობა საფრანგეთში, სანამ ქართული ლეგაცია არ გაუქმდა და აზრი არ დაკარგა მისმა არსებობამ (1933). ლეგაციის გაუქმების შემდეგაც არ შეუწყვეტია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ევროპელების ყურადღების მობილიზება საქართველოს პრობლემებისადმი, ურთიერთობა ყოფილი რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ემიგრაციასთან. მისი არქივი ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული და მოწესრიგებულია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მისი შემდგენლის ხასიათსა და პასუხისმგებლობაზე თანამედროვე თუ მომავალი საქართველოს წინაშე.  გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფალაოზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates