ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე (1888, სოფ. ვარდისუბანი - 23.XII.1948, თბილისი) - სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. სწორედ პოლიტიკური საბაბით რამდენიმეჯერ დააკავეს. 1906 რსდმპ-ს წევრი გახდა. 1911 შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად. კიევში, სხვა ქართველებთან ერთად, გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1922 დაიჭირეს და ჩეკამ მიუსაჯა პატიმრობა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 ჯილდოც მიიღო განათლების სფეროში მოღვაწეობისთვის.