• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩუბინაშვილი გიორგი

ჩუბინაშვილი გიორგი (21.XI.1885, პეტერბურგი - 14.I.1973, თბილისი) - მეცნიერი, აკადემიკოსი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. 1895-1905 წწ-ში სწავლობდა პეტერბურგის გერმანულ ,,რეფორმატულ“ სასწავლებელში. 1906 საქართველოში ჩამოვიდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მიახდინა ამ დროს ილია ჭავჭავაძის გაცნობამ. 1907  ჩააბარა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. პარალელურად ისმენდა ლექციებს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე ,,ციმბირელ შამანთა ფუნქციები“. 1914 მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1914 წ-ის გაზაფხულზე იყო საქართველოში და იმოგზაურა სვანეთში. 1915 ნიკო მარმა ანისის (სომხეთის ძველი დედაქალაქის) გათხრებზე გაგზავნა. 1916  ანისის გათხრებს ხელმძღვანელობდა. გამოაქვეყნა კვლევა საორბისის 1152 წ-ის ეკლესიის შესახებ. 1916 დაბრუნდა  პეტერბურგში. საბოლოოდ გადაწყვიტა ქართული ხელოვნების შესწავლა. ჩაირიცხა პეტერბურგში გრაფ ზუბოვის დაარსებულ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ბიზანტიური ხელოვნების მკვლევრის, დიმიტრი აინალოვის, ლექციებს ისმენდა. თავისუფალ მსმენელად სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსულ განყოფილებაში. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი და იაკობ სმირნოვი.                                         

1917 საბოლოოდ გადმოვიდა თბილისში. 1918 წ-ის ბოლოს მიიწვიეს ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პროფესორად. სათავეში  ჩაუდგა მის მიერ შემქნილ ხელოვნების ისტორის კათედრას. ჰყავდა ერთი თანამშრომელი - ნიკოლოზ სევეროვი. უნივერსიტეტში შექმნა ,,ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი“, რომელიც ქართული ხელოვნების დარგში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო. ამ დროიდან დაიწყო სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიციებიც. 1922 სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. აგრძელებდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. 1930 წ-დან მოაწყო  ქართული ხელოვნების გამოფენები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. იყო საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე. ხელოვნების მუზეუმის ,,მეტეხის“ ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, არაერთი საბჭოსა თუ სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 1941 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველ შემადგენლობაში აირჩიეს. 1941 წ-ის 1 აპრილს ახლად შექმნილი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა და 32 წელი იყო ამ თანამდებობაზე. გ. ჩუბინაშვილის ინტერესის სფეროს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება შეადგენდა. იკვლევდა ქართული ხუროთმოძღვრების გენეზისს და ლითონმქანდაკებლობის ძირითად თავისებურებებს. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში. დღეს მისი სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრი არსებობს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates