• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა)

ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) (1888, სოფ. მატანი - 1930, საფრანგეთი) - მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. პირველ მსოფლიო ომში თავდაპირველად იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა ცხენოსან ესკადრონს. ბრძოლაში მიღებული ჭრილობის შემდეგ გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე, სადაც სარიყამიშის ბრძოლაში „არწივის ბუდის" დაცვის დროს მეორედ დაიჭრა და გმირობისთვის დაჯილდოვდა ,,ოქროს ხმლით". გამოჯანმრთელების შემდეგ გენერალ ბარათოვის კორპუსის შემადგენლობაში მყოფ ქართულ ცხენოსანთა ათასეულის რიგებში იბრძოდა მესოპოტამიის ფრონტზე.               

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წწ-ში, მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც მეთაურობდა დივიზიონის პირველ ესკადრონს.  თავი გამოიჩინა სომხეთ-საქართველოს 1918 წ-ის ომში, ასევე 1919 წ-ის სოჭის ფრონტზე დენიკინის ნაწილების წინააღმდეგ და გორის მაზრაში ამბოხების ჩახშობის დროს. 1920 წ-ის აპრილში  რამდენიმე ოფიცერთან ერთად გარიცხეს სახალხო გვარდიიდან, რადგანაც ისინი გამოექომაგნენ ერთ-ერთ ოფიცერს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ გვარდიას. მას აეკრძალა მომავალში არმიასა და გვარდიაში სამხედრო სამსახური. მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს მიმართა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება. 1920 წ-ის ივლისში გამომძიებელმა თარხნიშვილმა ცხენოსანი დივიზიონის ოფიცერთა საქმე წინასწარ ძიებაში მიიღო, მაგრამ შემდეგ საქმეს მსვლელობა არ მისცემია. 1920 წ-ის ზაფხულიდან მსახურობდა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილთან განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წ-ის ომის დასაწყისში, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გააგზავნეს ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ომის ბოლო პერიოდისათვის მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ქ. ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.  

დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1922, შექმნა შეფიცულთა  რაზმი და დაიწყო პარტიზანულ ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი რაზმმა 1922 მოაწყო აჯანყება ხევსურეთში, ხოლო  1924 წ-ის აგვისტოს აჯანყებაში მის რაზმს უნდა აეღო თბილისი. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქ. ჩოლოყაშვილი წავიდა საფრანგეთში ემიგრაციაში. გარდაიცვალა ტუბერკულოზით. 2005 ლევილიდან გადმოასვენეს თბილისში და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates