• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩიქოვანი დავით გიორგის ძე

ჩიქოვანი დავით გიორგის ძე (1887, სოფ. სუხჩე, სენაკის მაზრ. -  1943) - პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პროფესიით აგრონომი. 1908 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა ლიეჟის (ბელგია) ფრანგულენოვან სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო განხრით. მატერიალური ხელმოკლეობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1910  რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, როგორც გაზ. ,,სახალხო გაზეთის“ საკუთარი კორესპოდენტი. წერდა ქართველ მაჰმადიანთა და ოსმალეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თემებზე. მისი მონაწილეობით დაარსდა ,,ქართველ მაჰმადიანთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის წესდება ოსმალეთის მთავრობამ დაამტკიცა. 1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით, გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა უმაღლეს სამეურნეო კურსებზე განაგრძო. როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მიატოვა სასწავლებელი და შრომით საქმიანობას შეუდგა. მუშაობდა მდივნად ქ. ჰელსინგფორსში, ფინეთის სახელმწიფო რკინიგზათა მთავარ სამმართველოში. იქიდან თანამშრომლობდა გაზეთ ,,საქართველოსთან“. წერდა ფსევდონიმებით: ,,დ. გორგაძე“, ,,დ. ნინოშვილი“, ,,ჯავიდ-ბეი“, ,,სუხჩელ-სუმაჭახელი“, ,,გორდელი“ და სხვ. საქართველოს სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსების დროიდან იყო ამ პარტიის წევრი, ეკუთვნოდა მემარცხენე ფრთას და თანაუგრძნობდა ანარქიზმსა და კომუნიზმს. პარტიაში დარჩა 1914 წ-მდე, რის შემდეგაც თანდათან ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას დაუახლოვდა.

ფინეთიდან სამშობლოში 1917 დაბრუნდა. ივნისში იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. მიიჩნევდა, რომ  გლეხობას საკუთარი ინტერესების უფრო ქმედითი დამცველი უნდა ჰყოლოდა, ვიდრე სოციალისტური პარტიები იყვნენ. ის და მისი თანამოაზრეები მოითხოვდნენ მემამულეთათვის ნორმაზე მეტი ფართობის  უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მიწის მუშაკთათვის უფასოდ დარიგებას, მაშინ, როდესაც ედპ მხარს უჭერდა ,,ნორმის ზედმეტი მიწის მემამულისაგან გამოსყიდვას, სამართლიანი შეფასებით“. 1917 წ-ის ოქტომბერში ედპ-ს მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩამოშორდა, რომელმაც თავი საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად გამოაცხადა. პარტიის ბეჭდური ორგანოს, გაზეთ ,,ჩვენი რესპუბლიკის“ რედაქტორად დ. ჩიქოვანი დაამტკიცეს, რომელიც ასევე მთავარი კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. მასვე დაკისრებული ჰქონდა პარტიის ყოველკვირეული ორგანოს გაზეთ ,,გლეხის“ რედაქტორობა. რადიკალ-დემოკრატების დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატებთან ჯერ კიდევ ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. უმრავლესობამ უარყო დ. ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ოფიციალურად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი. 1917 წ-ის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად აირჩია. 1919 წ-ის თებერვალში  რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 დაინიშნა  სახელმწიფო კონტროლის ვიცე-დირექტორად. 1920 წ-ის ნოემბერში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა და საქართველოს ეროვნული პარტიები გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ,,მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია“ უწოდეს. ამ დროიდან დ. ჩიქოვანი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ  სამშობლოში დარჩა და მუშაობა სახელმწიფო კონტროლის სისტემაში განაგრძო, რომელიც მუშათა და გლეხთა ინსპექციად გადაკეთდა. 1922 შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველად გადაიყვანეს; 1923-1924  წწ-ში მუშაობდა ჩაქვის სახალხო მამულის გამგედ, მომდევნო  ორი წელი მიწის სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველობა ებარა, ხოლო 1925 წ-დან იყო უმუშევარი. 1928 წ-ის ივლისში სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ დააპატიმრა აჭარაში სსრკ-თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისათვის. იმავე წლის დეკემბერში მიესაჯა ექვსი თვით გამოსასწორებელ სახლში ჩასმა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩათვლით. 1929 წ-ის მარტში გაათავისუფლეს შრომითი საქმიანობის დაწყების უფლებით. 1931 და 1934 წწ-ში საბჭოთა სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი საქმით. მომდევნო პერიოდში დ. ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები, ასევე გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates