• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე (ჯან-ასლანის ძე)

ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე (ჯან-ასლანის ძე) (ფსევდონიმები: ვაზიანი, მანაველი, მარველი, ლონდონელი, ტემზისპირელი) (15.IX.1846, სოფ. თოხლიაური, თბილისის მაზრ.  - 18.VIII.1925, ლონდონი) - საქართველოს, რუსეთისა და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1855 სწავლობდა  მოსკოვის კადეტთა კორპუსში, მისი მიტოვების შემდეგ შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. 1866 იშუტინის რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის 8 თვე იჯდა ციხეში. 1868 ჩამოაყალიბა საიდუმლო ორგანიზაცია „სმორგონის აკადემია“, ხოლო 1869 აქტიურად მონაწილეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში “ნაროდნაია რასპრავა“, რისთვისაც 1870 გაასამართლეს და ციმბირში, ქ. ტიუმენში გადაასახლეს. 1876   გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა და აქტიურად თანამშრომლობდა რუსულ და ევროპულ რევოლუციურ გამოცემებში: „ვპერიოდ“, „ობშჩინა“, „ლე რევოლტე“ და სხვ. 1877  შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის, იურის (შვეიცარია) ფედერაციაში. 1888 წ-დან, სხვადასხვა ქვეყნებში ხუთწლიანი არალეგალური ცხოვრების შემდეგ, პ. კროპოტკინის მიწვევით, საბოლოოდ დამკვიდრდა ლონდონში და, ჯ. გილიომთან, ე. რეკლიუსთან და სხვა ლიდერებთან ერთად, სათავეში ჩაუდგა საერთაშორისო ანარქისტულ მოძრაობას: აწყობდა კონგრესებს, სცემდა გაზეთებს და ა. შ.  1896-1899 წწ-ში ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი ორი ყველაზე გახმაურებული წიგნი: „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“ და „ინტერნაციონალის წინამორბედები“.   ასაბუთებდა, რომ მარქსმა და ენგელსმა თავიანთი თეორიის არაერთი დებულება მიითვისეს წინამორბედი ევროპელი მოაზროვნეებისაგან, ხოლო მათი „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ ფრანგი ფურიერისტის, ვ. კონსიდერანის, ნაშრომის პლაგიატია. ეს და მისი სხვა ნაშრომები ითარგმნებოდა ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ჩინურ, იაპონურ და სხვა ენებზე. მიუხედავად ანარქისტული იდეალებისა, იყო  საქართველოს ეროვნული მოძრაობის თავდადებული მოღვაწე და არასოდეს გაუწყვეტია მასთან კავშირი. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ევროპულ პრესაში, წიგნებს, რომლებშიც მკაცრად აკრიტიკებდა რუსულ იმპერიალიზმს და პროპაგანდას უწევდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა  ფსევდონიმებით ქართულ პრესაში: ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“, გაზ. „ცნობის ფურცელში“, აგრეთვე ქართულ ანარქისტულ პრესაში („ნობათი“ და სხვ). 1904 მონაწილეობდა ქართული პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერენციაში და იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. ასაბუთებდა აზრს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე საქართველოს ჰქონდა სრული ისტორიული უფლება, მოეთხოვა ავტონომიის ფორმით სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 1907 მისი ინიციატივით  და ხელმძღვანელობით შემუშავდა „საქართველოს ხალხის პეტიცია“ და გაეგზავნა ჰააგის მეორე საერთაშორისო კონგრესს. პირველი მსოფლიო ომის წლებში აქტიურად წამოიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის პროპაგანდა. იზიარებდა მისი უახლოესი თანამებრძოლის, პ. კროპოტკინის, ანარქისტული კომუნიზმის თეორიას. ამასთანავე,  საფუძველი ჩაუყარა  ნაციონალურ მიმართულებას ანარქიზმში. იგი  პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა ეროვნული თავისუფლების პრობლემას და მკაცრად აკრიტიკებდა მარქსისტების ეროვნულ ნიჰილიზმს. 1881 ჟენევაში რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „გადიაჩელი დრაგომანოვი რუს სოციალისტებთან ბრძოლაში“, რომელშიც დაასაბუთა ეროვნული თავისუფლების იდეის აუცილებლობა სოციალისტური მოძრაობისათვის.

რუსეთში მონარქიის დამხობის ახლო ხანებში თავის ფრანგ მეუღლესთან და თანამოაზრესთან, ფრიდა რუპერტუსისთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა და აქტიურად ჩაერთო ეროვნული სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობის პროცესში. 1917 მონაწილეობდა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომებში, როგორც მიწვეული პირი და ასრულებდა მის დავალებებს. იმყოფებოდა პეტროგრადში, ინტერპარტიული საბჭოს მიერ მივლინებულ სამკაციან დეპუტაციაში, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთის დროებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ქართული რეგულარული არმიის შენაერთების შექმნის ნებართვის მისაღებად, რაც წარმატებით განხორციელდა. 1919 პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობის დროს, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ფრანგულ ჟურნალ „ლა რევიუ დე პარის“-ში გამოაქვეყნა სტატია „საქართველო. მისი წარსული და პოლიტიკური უფლებები“, რომელიც ასევე ფრანგულად ცალკე ბროშურადაც გამოიცა. მისი ენერგიული თხოვნის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საქართველოში თავის უმაღლეს კომისრად მოავლინა ქართველი ხალხის დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი. ვ. ჩერქეზიშვილის მხარდაჭერით 1919 შეიქმნა ქართველ ანარქისტთა პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს რევოლუციონერ-სინდიკალისტ მაშვრალთა კავშირი“ და იყო მისი მთავარი კომიტეტის საპატიო წევრი.

1921 ვერ შეურიგდა საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობას და კვლავ ემიგრაციაში გაიხიზნა. დაკრძალულია ლონდონში.                  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates