• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩერნიავსკი კოლაუ (ნიკოლოზ) ანდრეის ძე

ჩერნიავსკი კოლაუ (ნიკოლოზ) ანდრეის ძე (1892, აკერმანი, ბესარაბიის გუბ. - 1947) - პოეტი. მწერალი. თბილისური ავანგარდის წარმომადგენელი. დაიბადა პოლონური წარმომავლობის სათავადაზნაურო ოჯახში. მამა, ანდრეი, 1904 ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სამი მცირეწლოვანი ვაჟიშვილით გადმოსახლდა თბილისში. 1912-1914 წწ-ში  იყო თბილისის გუბერნატორი. კვლავ ქორწინდება და ცოლად ირთავს ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილის შვილს, მომღერალ ოლგა დოლგოვას. 1917 ილია და კირილე ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, ზიგა ვალიშევსკისთან, ყარა-დარვიშთან, ალექსეი კრუჩონიხთან ერთად, აყალიბებს ჯგუფს „ფუტურისტული სინდიკატი“. კ. ჩერნიავსკი 1918 რუსულენოვან გაზეთ „რესპუბლიკაში“ («Республика», N 145, 10 იანვარი) აქვეყნებს წერილს კ. ზდანევიჩზე: „კ. ზდანევიჩის გამოფენა“ (Выставка К.Зданевича). კ. ჩერნიავსკი სწავლობდა თბილისში ვაჟთა I გიმნაზიაში.  სწავლას აგრძელებს ყაზანის უნივერსიტეტში. 

მისი ლექსები დაბეჭდილია 1917-1919 წწ-ში „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ მიერ გამოცემულ ცნობილ კრებულში „Софии Георгиевне Мельниковой“, ძირითადი ნაწილი კი დაკარგული. 1918-1920 წწ-ში ილ. ზდანევიჩის მიერ დაფუძნებული ფუტურისტული ჯგუფის «41°»-ის აქტიური წევრია. ამ რადიკალურ ავანგარდულ ჯგუფში ყოფილი „ფუტურისტული სინდიკატის“ თითქმის ყველა წევრი გადმოდის. კ. ჩერნიავსკი ზაუმის პოეტია. სერიოზულადაა დაინტერესებული ნიკო მარის ენის თეორიით, თარგმნის ტექნიკით, ისტორიული ქრონიკებით. ილ. ზდანევიჩთან ერთად მუდმივად ეძებს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს, წერს ე.წ. „ორკესტრულ ლექსებს“.

1926 თბილისში გამოცემულ სამენოვან (ქართული, რუსული, ფრანგული) წიგნში, „ნიკო ფიროსმანაშვილი“, იბეჭდება მისი ფრანგულენოვანი ტექსტი. „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ საღამოების მუდმივი თანამონაწილე, ექსპერიმენტატორი ავანგარდისტი პოეტი, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნებაში, უყვარდა ფიროსმანაშვილი (აღმოჩენილი აქვს მისი რამდენიმე ნამუშევარი; თავისთვის ქმნიდა მისი ნამუშევრების კატალოგს). იყო საინტერესო კრიტიკოსი და მშვენიერი მთარგმნელი. რუსულად თარგმნა დემნა შენგელაიას „სანავარდო“, ნიკოლო მიწიშვილის „ეპოპეა“, რაჟდენ გვეტაძის ნოველები, ტიციან ტაბიძის „როალდ ამუნდსენ“, მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“, სიმონ ჩიქოვანის ლექსები; სომხურიდან რუსულად თარგმნა ფუტურისტი ყარა-დარვიშის ლექსები და სხვ. წერდა სტატიებს და აქვეყნებდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates