• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩერქეზიშვილი ივანე ლევანის ძე

ჩერქეზიშვილი ივანე ლევანის ძე (1884 - ?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. უმაღლესი განათლებით ვექილი, თუმცა  უცნობია, რომელი სასწავლებელი დაამთავრა.

 1917 წ-ის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. 1917 წ-ის აგვისტოში აირჩიეს „ქართველი ერის ინტერპარტიული ბიუროს“ (იგივე ინტერპარტიული საბჭო) წევრად და პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად. შედიოდა ეროვნული ყრილობის რეგლამენტის შემმუშავებელი კომისიის შემადგენლობაში, რომელშიც ოთხი პარტიის თითო წარმომადგენელი იყო. 1917 წ-ის 4 ნოემბერს აირჩიეს ამიერკავკასიის „სხვა ერების საბჭოებთან“ მოსალაპარაკებლად შერჩეული კომისიის წევრად. 1917 წ-ის 17 ნოემბერს, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გახსნამდე, წაიკითხა კომისიის მიერ შემუშავებული ყრილობის რეგლამენტი (დღის წესრიგი). 1917 წ-ის 22 ნოემბრის შემდეგ იყო ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული ეროვნული საბჭოს წევრი ესერთა პარტიიდან. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წ-ის 6 ივნისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდა ი. ჩერქეზიშვილი. 1918 წ-ის 15 ნოემბერს, საზღვარგარეთ წასვლის გამო, მისი ადგილი ეროვნულ საბჭოში დაიკავა მარიამ ჩხეიძემ. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს დოკუმენტებსა და მასალებში ზოგ შემთხვევაში ერთმანეთშია არეული ივანე ჩერქეზიშვილისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელები. ალბათ ამ გარემოებამ გამოიწვია ის, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ზოგი ავტორი ინტერპარტიული და ეროვნული საბჭოს წევრად შეცდომით ვარლამ ჩერქეზიშვილს მიიჩნევს. ეს უკანასკნელი, ინტერპარტიული საბჭოს სხდომებზე მონაწილეობდა, როგორც სპეციალურად მიწვეული პირი.  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates