• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩერეპნინი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

ჩერეპნინი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (03.V.1873, პეტერბურგი - 26.IV.1945, ისსი-ლე-მულინო, საფრანგეთი) - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი. დაიბადა ცნობილი ექიმის ოჯახში. 1895 წ-ს ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, 1898 წ-ს პეტერბურგის კონსერვატორიას. კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვთან სწავლობს კომპოზიციას, კ. ფან-არკისთან ფორტეპიანოს კლასს. 1899-1905  წწ-ში პეტერბურგში იმპერატორის სასახლის კარის კაპელის საორკესტრო კლასის გამგეა. 1902 წ-დან „რუსულ სიმფონიურ კონცერტებს“ დირიჟორობს. 1905-1918 წწ-ში პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორია და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 1906-1909 წწ-ში პეტერბურგის მარინის თეატრის დირიჟორია, 1909 რუსეთში პირველად აარსებს დირიჟორობის კლასს. 1909-1914 წწ-ში ლონდონში, პარიზში, მონტე-კარლოში, რომსა და ბერლინში „რუსული სეზონის” კონცერტებს დირიჟორობს.                 

1918-1921 წწ-ში თბილისში გადმოდის და დამოუკიდებელ საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას. 1919-1921 წწ-ში (ზოგიერთი ცნობით კი 1918-1921) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რექტორია, ხელმძღვანელობს კომპოზიციის კლასს. 1920-1921 წწ-ში თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი იყო, მათ შორის, არაერთხელ, „აბესალომ და ეთერის“ შესრულებისას. მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან და კომპოზიტორებთან, მათ შორის ზ. ფალიაშვილთან, მ. ბალანჩივაძესთან, დ. არაყიშვილთან და სხვებთან. გასაბჭოების შემდეგ ტოვებს საქართველოს და საფრანგეთში, ისსი-ლე-მულინოში აგრძელებს მოღვაწეობას. 1922 წერს ქართულ რაფსოდიას ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის. როგორც დირიჟორი, ევროპის ქვეყნებში გასტროლებს მართავს. 1925  პარიზში რუსულ კონსერვატორიას აარსებს. თანამშრომლობს ანა პავლოვას საბალეტო თეატრთან. პარიზში ყოფნისას ქმნის რამდენიმე სიმფონიურ ნაწარმოებს, რომლებშიც ქართულ ხალხურ სიმღერებს იყენებს. მისი უკანასკნელი თხზულებაა სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი ნაწარმოები „ორი ქართული საგალობელი“, რომელიც ზ. ფალიაშვილისა და მ. ბალანჩივაძის ხსოვნას ეძღვნება.                                                                           

თხზ: ბალეტი: „არმიდას პავილიონი“(1907, პეტერბურგი); „ნარცისი და ექო“(1911, მონტე-კარლო); რაფსოდია:  „ქართული რაფსოდია ვიოლონჩელოსათვის ორკესტრთან ერთად“ (1922.); ოპერა: «Ванька-Ключик» (1932, ბელგრადი); სიმფონიური პოემა: „Марья Моревна“; სუიტა: „ქართული სუიტა როიალისათვის ორკესტრთან ერთად“ (1938); საფორტეპიანო პიესები, კამერული ინსტრუმენტული ანსამბლები, რომანსები (100) და სხვ.                                                                

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates