• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩენდლერი უოლტერ მარიონ

ჩენდლერი უოლტერ მარიონ (8.XII.1867, მისისიპი - 16.III.1935, ნიუ იორკი) - ამერიკელი კონგრესმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლობისტი. ისტორიასა და იურისპრუდენციას სწავლობდა ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ცხოვრობდა და ადვოკატობას ეწეოდა ნიუ-იორკში. მრავალჯერ იყო არჩეული აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიიდან (1913-1919; 1921-1923 წწ.). შემდგომში კვლავ ადვოკატობას მიჰყო ხელი. კონგრესმენობის პერიოდში იცავდა ებრაელი უმცირესობის ინტერესებს. 

 1919 წ-დან იცავდა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის ინტერესეbს და იყო მათი ლობისტი. ამ პერიოდში, ქართულ-აზერბაიჯანული დელეგაციების თხოვნით,  აზერბაიჯანისა და საქართველოს ლობისტობაც იკისრა. 1920 წ-ის 25 დეკემბერს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა „ნიუ იორკ ტაიმსში“ სათაურით: „ხუთი მებრძოლი რესპუბლიკა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, საქართველო და მათი საჭიროებანი“. ავტორი კავკასიასა და ბალტიისპირეთს ბოლშევიზმის წინააღმდეგ აღმართულ ბურჯებს უწოდებდა, რომლებიც მისგან იცავდნენ დანარჩენ კაცობრიობას. ჩენდლერმა შეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა აშშ-ის მიერ ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესში, მაგრამ იგივე ვერ შეძლო საქართველოსათვის. როგორც ჩენდლერის საპასუხოდ წერდა 1921 წ-ის „ნიუ იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილის ავტორი: „ერთი წლის წინათ არაფერი ისე სტაბილურად არ გამოიყურებოდა, როგორც საქართველო, მოკავშირეთა მისიები ხელშეკრულებებს დებდნენ საქართველოს მთავრობასთან და ეკონომიკურ ურთიერთობასაც აწყობდნენ... თუმცა ამ ახლად შექმნილმა რესპუბლიკებმა ვერ გაძლეს მფარველობის გარეშე და წაღებულ იქნენ ბოლშევიკური წყალდიდობის მიერ“.                   

ჩენდლერი საქართველოს ინტერესებს მისი გასაბჭოების შემდეგაც იცავდა. გარდა კონგრესისა, ცდილობდა წითელი ჯვრისა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში გაეწია ლობირება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისათვის. ასეთ საკითხებს მიეკუთვნებოდა, მაგ., საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტთა დახმარება; ოკუპირებულ საქართველოს მოსახლეობისათვის ხორბლის გაგზავნა და ა. შ. ჩენდლერის თხოვნით, 1921-ის დეკემბერში ევროპიდან ვაშინგტონში სამუშაოდ ჩავიდა ზ. ავალიშვილი, რომელიც შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, ჰერბერტ ჰუვერს (მომავალ პრეზიდენტს). ამ შეხვედრის შედეგად საქართველო მოხვდა რუსეთის იმპერიის იმ რეგიონთა შორის, რომელმაც მიიღო აშშ-ის 20-მილიონიანი პროდუქტით დახმარების ნაწილი.   

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates