• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შულენბურგი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ

შულენბურგი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ (20.XI.1875, კემბერგი - 10.XI.1944, ბერლინი) - გერმანელი დიპლომატი და საჯარო მოხელე. გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული რუსეთის იმპერიის კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში, მოგვიანებით კი გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაიბადა საშუალო შეძლების არისტოკრატიულ ოჯახში, საქსონიაში. შულენბურგის საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულად სამხედრო და საჯარო მოხელეები იყვნენ. დაწყებითი განათლება მიიღო ბრაუნშვაიგში, სადაც მისი ოჯახი საქსონიიდან გადავიდა საცხოვრებლად. 1894-1900 წწ-ში მიიღო შესანიშნავი  განათლება ლოზანაში, ბერლინსა და მიუნხენში იურისპუდენციის განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ არჩევანი სამხედრო და დიპლომატიურ სამსახურებს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1901 წ-დან მიდის გერმანიის საგარეო განყოფილების (ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს) საკონსულო სამსახურში. 1903-1906 წწ-ში იყო გერმანიის საკონსულო სამსახურში ბარსელონაში, ლვოვსა და ნეაპოლში, 1907 კი განაწესეს გერმანიის ვარშავის საკონსულოში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ამის შემდეგ თავისი კარიერით მთლიანად დაუკავშირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს. ვარშავიდან, 1911 გადაიყვანეს კავკასიის ცენტრ თბილისში გერმანიის ვიცე-კონსულის თანამდებობაზე. თბილისში სამწლიანი მუშაობისას მან დაამყარა ახლო კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ ქართულ ელიტასთან, ასევე შექმნა ჯაშუშური ქსელი კავკასიის მასშტაბით. კარგად იცნობდა არარუსი ერების ფსიქოლოგიას, განსაკუთრებით ქართველების და პოლონელების ნაციონალიზმს და მათი მისწრაფებების გერმანულ ინტერესებთან შეთანხმებას ცდილობდა.

მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურში წავიდა საფრანგეთში, 1915 წ-ის აგვისტოდან გადაიყვანეს თურქეთის კავკასიის ფრონტზე, ერზრუმში კონსულად, მაგრამ ამ პერიოდში მისი საქმიანობის არეალი ახლო აღმოსავლეთსაც მოიცავდა. იყო უშუალო ხელმძღვანელი თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი „ქართული ლეგიონისა“, რომელიც გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველებისგან რუსეთის წინააღმდეგ საომრად.  კარგად იცნობდა გერმანიაში მოღვაწე ქართული კომიტეტის ხელმძღვანელებს და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი შემოქმედი 1918 წ-ის მაისში. უშუალოდ მონაწილეობდა ქართველების, გერმანელებისა და თურქების მოლაპარაკებებში და დარჩა თბილისში გერმანიის წარმომადგენლად მას შემდეგ, რაც მიიღეს გადაწყვეტილება გერმანული სამხედრო მისიის კავკასიაში გამოგზავნის შესახებ. როდესაც ამ ექსპედიციის მეთაური გენერალი ფონ კრესი 1918 წ-ის ივნისში ჩამოვიდა კავკასიაში, სწორედ შულენბურგი იყო ის ადამიანი, ვინც მას ადგილზე დახვდა.  1919 გერმანელების კავკასიიდან გასვლის შემდეგ, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო მოკავშირეების მიერ და გენერალ კრესთან ერთად გარკვეული დრო გაატარა ტყვეობაში კუნძულ პრინკიპოზე. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, 1919-1922 წწ-ში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ განყოფილებაში.

1922-1931 წწ-ში იყო გერმანიის წარმომადგენელი თეირანში, 1931-1934 წწ-ში  - ბუქარესტში. 1934 შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში და დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. არასოდეს ყოფილა ნაცისტი და ჰიტლერი მას, კაიზერის დროის სხვა მოხელეების მსგავსად, უნდობლობით ეკიდებოდა, თუმცა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, უარს ვერ ამბობდა მათ სამსახურზე. შულენბურგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირთან. ომის დაწყების შემდეგ იყო ბოლო მაღალჩინოსანი გერმანელი საჯარო მოხელე, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ომის მიმდინარეობისას იყო ანტისაბჭოელ ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობის  მომხრე. მისი ინიციატივით 1942 ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“ გაიმართა ემიგრანტული წრეების კონფერენცია, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ. შულენბურგი ამ ხაზს საბოლოოდ ჩამოსცილდა ნაცისტურ პოლიტიკურ ელიტაში არსებული დაპირისპირების გამო. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში მარცხდებოდა, ჰიტლერი კი მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებდა, შეუერთდა გერმანიაში არსებულ ანტიჰიტლერულ საიდუმლო მოძრაობას. ტრაგიკული იყო მისი აღსასრული. 1944 შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი ტერორისტული აქტის შემდეგ, შულენბურგი, სხვა ბევრის მსგავსად დააპატიმრეს და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების 40 წელი გერმანიის უწყვეტ სამსახურში გაატარა, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates