• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შოუ თომას (თომ)

შოუ თომას (თომ)  (9.IV.1872, ლანკაშერი - 26.IX.1938, მიდლესექსი) - ბრიტანელი ლებიორისტი, პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის შრომისა და სამხედრო მდივანი. მუშათა საერთაშორისო ინტერნაციონალის მდივანი.   დაიბადა მუშათა ოჯახში.  ათი წლის ასაკში საქსოვ ქარხანაში დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, მცირე ხნის შემდეგ კი სრულ განაკვეთზე გააგრძელა მუშაობა და სკოლა მიატოვა.  ადრეულ ასაკში  გახდა მქსოველთა  ტრედ-იუნიონის კომიტეტის წევრი და მდივანი. დიდი გავლენით სარგებლობდა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ევროპის მუშათა წრეებში.

 1918 გახდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრი პრესტონიდან.  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქტიურ საქმიანობას ეწოდა მუშათა ინტერნაციონალში.  1920 წ-ს იყო ჟენევის სოციალისტური კონგრესის თავმჯდომარე.  ინგლისის მუშათა დელეგაციასთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში, შემდგომში კი საბჭოთა რეჟიმის შესახებ არაერთი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. 1920 წ-ის სექტემბერში, როგორც  მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის  წევრმა,  იმოგზაურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა თბილისში, ყაზბეგში, თელავში, ჭიათურასა და ტყიბულში.  ყაზბეგში მოსახლეობას მიმართა: „ჩვენ ვნახეთ თქვენი ლამაზი ქვეყანა და მშვენიერი ხალხი. და უნდა გითხრათ მთელი მუშათა სახელით, რომ ჩვენ ერთი წადილი გვაქვს, რომ თქვენ არ დაკარგოთ თავისუფლება. ევროპის მუშებმა უნდა მოითხოვონ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და ერთა ლიგაში შესვლა“. ჭიათურაში მუშებთან შეხვედრისას შოუმ განაცხადა: „როცა ინგლისში დავბრუნდები, მუშების წინაშე უნდა დავსვა საკითხი, რომელ გზას უნდა გავყვეთ: რუსეთის ტირანიის ძალდატანების თუ თავისუფალი საქართველოს გზას. მე კი ვიტყვი - ჩვენ უნდა გავყვეთ თავისუფალი საქართველოს გზას“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს, იყო კომუნისტური იდეოლოგიის მკაცრი კრიტიკოსი, თუმცა არ ეწინაღმდეგებოდა საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს. XX ს-ის 20-30-იან წწ-ში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, არაერთხელ იქნა არჩეული პარლამენტის წევრად. 1924 შრომის მდივნის თანამდებობა ეკავა რემზეი მაკდონალდის პირველ მთავრობაში, ხოლო 1929-1931 წწ-ში მაკდონალდის მეორე მთავრობაში ომის მდივნის მოვალეობებს ასრულებდა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates