• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (13.VII.1863, თბილისი - 2.I.1938, თბილისი) - გერმანული წარმოშობის ქართველი გრაფიკოსი და ფერმწერი. დაიბადა სამხედრო მოხელის ოჯახში. სწავლა დაიწყო თბილისის რეალურ სასწავლებელში. იმ დროს დააარსა ჟურ. ,,კოღო“. პარალელურად თანამშრომლობდა რუსულ ჟურ. ,,ფალანგაში“. 1884 გაემგზავრა პეტერბურგში და სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა პროფესორ ვილევალდეს კლასში. იქ მყოფი დაუახლოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველ მხატვრებს - გიგო გაბაშვილსა და რომანოზ გველესიანს. კარიკატურებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში : ,,ნოე“, ,,ზადუშევნოე სლავო“ და გერმანულ ჟურ. ,,პაპიფატი“. პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაასრულა ვერცხლის მედლით. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მიუნხენში და 1891 წ-დან ბატალისტ რუბოს ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა. 1893 დაბრუნდა თბილისში. 1896 იაკობ გოგებაშვილის  ,,დედა ენა“  მრავალი ნახატით გააფორმა. მუშაობდა ტუშითა და კალმით. 1898 თბილისში ხსნის სამხატვრო სკოლას. 1901 წ-დან მუშაობდა გაზ. ,,ცნობის ფურცელში“ სურათებიანი დამატების მხატვრად, პარალელურად ჟურ. ,,ეშმაკის მათრახში“, ,,ტარტაროზში“, ,,ბზიკში“, სომხურ ჟურ. ,,ხათაბალაში“, თურქულ ჟურ. ,,მოლა ნასრედინში“ და სხვ. 1902 კავკასიის კაზმულ ხელოვანთა საზოგადოებამ დააარსა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი, რომლის უცვლელი დირექტორი და მასწავლებელი იყო. 1904 გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“, რომლის ნახატებიც 1895-1896 წწ-ში შეასრულა. მასვე ეკუთვნის ,,ბუნების კარის“ და არაერთი ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაცია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში კვლავ ჟურ. ,,ეშმაკის მათრახში“ მუშაობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1915 აკრძალული ჟურნალი 1919-1921 წწ-ში აღდგა. პოლიტიკურად თავისუფალი გარემო ხელოვანებს თავისუფლების საშუალებას აძლევდა. ფაქტობრივად, პოლიტიკური კარიკატურა წნეხისგან გათავისუფლდა. ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურების გარდა, ყდის გაფორმებაც მასვე ეკუთვნის.

1922 ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლის ბაზაზე სამხატვრო აკადემია შეიქმნა, რომლის პროფესორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. იყო ქართული კარიკატურული სკოლის ფუძემდებელი, ასევე არაერთი ფერწერული ტილოს ავტორი. მისი არქივი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, იოსებ გრიშაშვილის სახ. ისტორიისა და ეთნ. მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვ. ცენტრში ინახება. მისი შვილი იყო მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის შუა საუკუნეების ხელოვნების კვლევაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates