• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შენგელაია ლეო ანდრიას ძე

შენგელაია ლეო ანდრიას ძე (1887, სოფ. ობუჯი, ზუგდიდის მაზრა - ?) - სოციალისტ-რევოლუციონერი. 1917 შედგენილი მისი მცირე ბიოგრაფიული ცნობარის მიხედვით, „ექსტერნად გაათავა“ გიმნაზია და „შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე“(?). 1908 წ-დან იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. რევოლუციური საქმიანობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და სასჯელს იხდიდა რუსეთის ციხეებში.                             

1918 წ-ის 29 მაისს შევიდა ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. 1918 წ-ის მაისში ესერთა პარტიის კავკასიის ორგანიზაციების VII ყრილობაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც ქართველი ესერები ორგანიზაციულად გამოეყვნენ რუსეთის პარტიას. ივნისის ბოლოს შედგა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ლ. შენგელაია. იყო აგრეთვე ცენტრალური კომიტეტის პარტიული გაზეთის „შრომის“ რედაქტორი. 1918 წ-ის 10-15 დეკემბერს პარტიის მეორე ყრილობაზე გამოვიდა მოხსენებით პროგრამის შესახებ, რომელშიც, მისი აზრით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი პირობები. 1919 წ-ის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად და ხელმძღვანელობდა ესერთა ფრაქციას, როგორც მისი ლიდერი. აღსანიშნავია, რომ ფრაქციის ლიდერი და ესერები მკაცრად აკრიტიკებდნენ საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტს და მიიჩნევდნენ მას ბურჟუაზიულ კონსტიტუციად, რომელიც, მათი აზრით, უნდა ყოფილიყო სოციალისტური ხასიათის. საერთოდ, ლ. შენგელაია და ესერები გამოირჩეოდნენ მთავრობის კრიტიკით მემარცხენე პოზიციებიდან.  როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, დაუარსებია ე. წ. „თავისუფალი გიმნაზია“ და იყო მისი გამგე.                                          

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates